• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხის კვლევა ჩაატარა.

კვლევა 2017-2018 წლებს ეხება. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს - 51 თანამშრომელი, შემდეგ არის განათლების სამინისტრო - 49 თანამშრომელი, თბილისის მერია - 43 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 41 თანამშრომელი, პარლამენტი - 36 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტრო - 21 თანამშრომელი, შსს-ს აკადემია - 20 თანამშრომელი, ცესკო - 16 თანამშრომელი, რუსთავის მერია - 16 თანამშრომელი.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს - 1 185 962 ლარი, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი 1 114 251 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 053 271 ლარი. თბილისის მერიას კი ამ მიმართულებით 931 281 ლარი აქვს გამოყოფილი.

„2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია. კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდეთ იმ საჯარო უწყებების რაოდენობა (216-მდე), საიდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ. პასუხი მივიღეთ 194 უწყებიდან. არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა,“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს.