• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ქალბატონი, რომელსაც ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს - მეორედ

ქალბატონი, რომელსაც თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი ლობირებდა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

მაია წოწორია თამაზ თამაზაშვილის კადრია. 2012 წლამდე ის ერთხელ უკვე იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, თაღლითობის ბრალდებით. თუმცა, ციხეს თავი თამაზ თამაზაშვილის დახმარებით დააღწია. 

მეტიც, შსს-ს მაღალჩინოსანი გვიყვება რომ თამაზაშვილმა წოწორია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის ფინანსურ დეპარტამენტში დაასაქმა. იმ დროს შს მინისტრი თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 170 944 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები.

დღეისთვის, დაყადაღებულია ერთი მიწის ნაკვეთი, ტარდება სათანადო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით“, - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს მაღალჩინოსნის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აქედან, ერთერთი დაკავებული სწორედ მაია წოწორიაა - ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კადრი. 

ამიტომ, ჩვენ თამაზ თამაზაშვილს მობილურ ტელეფონზე დავურეკეთ. მან თავდაპირველად ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი თავად გადმოგვირეკა...

თუმცა, როდესაც ჩვენი კითხვა მოისმინა, როგორც ჩანს, მისი შინაარსი არ მოეწონა და უცებ „მძღოლი“ გახდა. 

„პრესა.ჯი“: ბატონო თამაზ, გირეკავდით, ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან...

- გისმენთ.

- რატომ დააკავეს მაია წოწორია, რომელიც თქვენ, ადრე ძალოვან სტრუქტურაში გყავდათ დასაქმებული?

- მე თამაზი არ ვარ.

- უკაცრავად, თამაზ თამაზაშვილი არ ბრძანდებით?

- არა, მძღოლი ვარ მეთქი მისი, რა გინდათ?

ამ ფრაზის შემდეგ მან ტელეფონი გაგვითიშა და „მომსახურების არედან გავიდა“.