• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

მეუფე პეტრე ცაავა: პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს

„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.

„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის. მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი,“ - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე ჭყოდიდის ეპარქიას რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ტოვებს. პარალელურად არ წყდება პროტესტი მარტვილში, სადაც ყოფილი მიტროპოლიტის თანამოაზრე არც მრევლი და არც ერთი სასულიერო პირი არ აპირებს დაესწროს წირვას, რომელსაც პეტრე ცაავას შემცვლელი, მეუფე გრიგოლი აღავლენს.

„ვაგრძელებ მღვდელმსახურებას, ვემორჩილები რა თქმა უნდა, განჩინებას, როგორც მეუფე პეტრე, თუმცა სინოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ვაპროტესტებთ, რაც უსამართლოდ განაჩინეს. გავაგრძელებთ ბრძოლას კანონკური სამართლის მიხედვით. თუ სად გავაგრძელებ მღვდელმსახურებას, ეს გამოჩნდება, დრო გვიჩვენებს,“ - განაცხადა ამბროსი აღმსარებლის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

 

 


თეგები :