• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შესაძლოა, საქართველოშიც დაინერგოს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფება.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პრობაციისა და პენიტენციურ სფეროებში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის.

მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები.

„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ვიზიტებია დაგეგმილი ამსტერდამის არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, მაღალი რეციდივის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დეპარტამენტსა და არასრულწლოვანთა საშუალო რისკის დაწესებულებებში. დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ, თუ რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო პატიმარ ბავშვებს და როგორ ზრუნავს მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე.

ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება.


თეგები :