• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

გურამ ფალავანდიშვილი: ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება

„ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა, ფილმის გათიშვა, კომბლების გარეშე“, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ სამი დღის განმავლობაში ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.

„ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ის უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ.

ლოკაციებია: ბათუმი 20:00 საათზე, „ამირანთან“ 17:00 საათზე, მე წავალ „გალერეაში“, თავისუფლების მოედანზე, „ისთფოინთში“ და „თბილისი მოლში“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა მაინც გაიმართება, პროტესტი რუსთაველზე  გადაინაცვლებს.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.