• თბილისი
  • 14°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

კინოთეატრ "ამირანთან" დავით ბერძენიშვილს სცემეს - დაკავებულია 2 პირი

კინოთეატრ „ამირანთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას ცდილობენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ, რომლებიც „არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.

„აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს,“ - განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


თეგები :