• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

შსს: კინოთეატრებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე თქმით, 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

„თბილისში, კინოთეატრი „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

როგორც 8 ნოემბერს, ასევე მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. 


თეგები :