• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

"მე და ჩემი ოჯახი ქართული კულტურის ნაწილი ვართ და ცოტა თურქულისაც... ჩემი პირველი ენა სწორედ ქართული იყო" - ვინ არის რეჟისორი ლევან აკინი?

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორმა ლევან აკინმა შვედურ გამოცემას ინტერვიუ მისცა. რეჟისორი ინტერვიუში საკუთარი ბიოგრაფიის და ოჯახის შესახებ ჰყვება.

"მე და ჩემი ოჯახი ქართული კულტურის ნაწილი ვართ და ცოტა თურქულისაც. ჩემი მშობლები შვედეთში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩამოვიდნენ. ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა სწორედ ქართული იყო. ზაფხულობით საქართველოში ჩავდიოდით ხოლმე, მაშინ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. დრო და დრო ჩავდიოდით თურქეთშიც. მუშათა კლისის ტიპური ოჯახიდან ვარ, თუმცა მამას ერთხანს ჰქონდა საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც ახორციელებდა ჩარტერულ ტურებს თურქეთში. ჯერ კიდევ ბავშვი ვმუშობდი ამ კომპანიაში, მამას ვეხმარებოდი პატარ-პატარა საქმეების წარმოებაში, დედა სტილისტია, თუმცა ახლა კვირაში რამდენიმე დღეღა მუშაობს," - ამბობს ლევან აკინი გამოცემასთან.

ლევან აკინი 1979 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. მისი მშობლები შვედეთში ემიგრანტებად 70-იან წლებში ჩავიდნენ. შვედური პრესის ინფორმაციით, ლევანის მშობლები თურქეთში დაბადებული ქართველები არიან, ისინი შვედეთში სწორედ თურქეთიდან ჩავიდნენ. ლევანი კი შვედეთში დაიბადა და გაიზარდა.

საქართველოში შემდგარი პრემიერის შემდეგ ლევანმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა.

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ თქვა უარი დაგეგმილი სეანსის ჩვენებაზე და სოლიდარობა გამოუცხადა ფილმს. ქართულმა აუდიტორიამ ნახა ფილმი! ეს ბრძოლა არ დასრულებულა. აღფრთოვანებული ვარ თითოეული მამაცი მაყურებლით, რომლებიც მყარად იდგნენ და არ შეუშინდნენ არაფერს," - დაწერა რეჟისორმა.


თეგები :