• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

"მხარეებს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად დიალოგისკენ მოვუწოდებთ"

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის მხარეებს კეთილსინდისიერი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალს, და რას აკეთებს მის გადასაჭრელად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დისკუსიის ხელშეწყობას.

"შეერთებული შტატები მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მშვიდი და ღირსეული დიალოგისკენ მოუწოდებს, იმ მიზნით რომ მიღწეულ იქნას მისაღები სამომავალო გზა მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.

ჩვენმა საელჩომ თბილისში, საქართველოში ევროკავშირის მისიასთან კოორდინაციით და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად 30 ნოემბერს მხარი დაუჭირა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგს. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი შეხვედრების მხარდაჭერას, რათა მხარეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად გააგრძელოს კეთილსინდისიერი დისკუსიები, რომლის მიზანიც ნდობის აღდგენა და სამომავლო გზის პოვნაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დღეს საქართველოა", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ასევე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი. რუდმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით შეშფოთებულია და მხარეებს მოუწოდებს დიალოგში ჩაერთონ.

"ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის მატებით, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. ამიტომაც, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის უფლებას, გამოიყენონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს და არასოდეს გადაიზარდოს ძალადობაში.

ჩვენ ასევე ველით, რომ პოლიციის პასუხი იქნება შესაბამისი და დისკრიმინაციულად არ მიუდგება ძალადობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს დემონსტრაციის დროს“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის, გერმანულ საარჩევნო მოდელზე და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის გზებზე სასაუბროდ, მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.


თეგები :