• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

"თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატია"

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

ინფორმაცია იაგო კაჭკაჭიშვილმა სოციალუქ ქსელ ფესბუქში, თავის გვერდზე გამოქვეყნა.

გთავაზობთ დასკვნას ამ წერილიდან:

"გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის ("სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები", ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას".

კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რატომ მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

"შარვაშიძემ დისერტაცია დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს გახლავთ ილიას უნივერსიტეტი. ამდენად, სავსებით ლეგიტიმურია, რომ ეს საკითხი განიხილა იმ უნივერსიტეტმა, რომელშიც დისერტაცია შესრულდა. სხვა მიზეზიც მაქვს, რატომაც მივმართე ილიას უნივერსიტეტს:

თსუ რექტორისგან მანიპულაციების მეტს არაფერს ველოდი და სამწუხაროდ, ასეც მოხდა: რექტორმა, ცალკეული პროფესორების მონაწილეობით, შეთხზა ასეთი აბსურდული ვარიანტი: თავისი დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Tuiitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის!

ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა. თსუ რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ.

დიახ, ველოდებოდი თსუ რეაქციას და როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი რექტორის კულუარულ-მანიპულატორული ძალისხმევით მიიჩქმალა, მივმართე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ლეგიტიმურ დაწესებულებას.

შარვაშიძეს და მის თითზე ჩამოსათვლელ დამცველებს ასეთი "არგუმენტი" მოაქვთ: ეს 41 გვერდიანი ტექსტი პარლამენტის დადგენილებაა, ხოლო დადგენილებას ციტირება არ ეხებაო. უსუსური არგუმენტია: ჯერ ერთი, ეს ტექსტი (რომელიც მანამდე ბროშურის სახით გამოიცა) არის დადგენილების განმარტებითი ბარათი, მისი კონცეპტუალური საფუძველი და ექსპერტთა ჯგუფის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი.

ამდენად, მოხდა არა დადგენილების, არამედ საექსპერტო პროდუქტის გამოყენება მისი დამოწმების გარეშე; და მეორეც, რომელი დისერტაცია გულისხმობს 41 გვერდიანი თუნდაც დადგენილების უცვლელად გადატანას და დისერტაციის ერთ სრულ თავად ქცევას, მითითების გარეშე?

ასე რომ, ბ-ნო რექტორო, მოეშვით საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას, სირცხვილია: Ut sementem feceris, ita metes!" - წერს კაჭკაჭიშვილი.


თეგები :