• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

"ბეტას დედა ემიგრაციაშია. ქმარი სვამდა და სცემდა. სახლში უკან დაბრუნებული საწყალი გოგო ძმამაც არ მიიღო და სახლიდან გააგდო... მაინც იბრძოდა, შვილის სარჩენად არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა"

სურამში,  ცოლის  ნაჯახით სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ლომიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ 20 იანვარს მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, ლევან ლომიძე, რომელიც ბრალს აღიარებს. პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა და მიიმალა. ლევან ლომიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქათუბანში, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  

ქმრის მიერ ნაჯახით მოკლული 26 წლის ბეტა ნაჭყებიას შესახებ კი ახალი დეტალები ვრცელდება. ოჯახის ახლობლები გამოცემა „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გოგონამ ქმრის მხრიდან მუდმივ ძალადობას ვერ გაუძლო და 2 წელია რაც გაშორდა. ბეტას დედა ემიგრაციაში  იმყოფება და სახლში უკან დაბრუნებული ბეტა ძმამ არ მიიღო და სახლიდან გააგდო. ის ბავშვთან ერთად თავს სენაკში ნათესავებთან აფარებდა. 

ხოლო ქმრის ბებიასთან პერიოდულად მიდოდა და მას სახლს ულაგებდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ბეტა საკმაოდ შრომისმოყვარე გოგონა იყო და შვილის სარჩენად არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. ბეტას ძმა, გავრცელებული ინფორმაციით,  ჟურნალისტებს სახლში არ უშვებს და მამასაც სავარაუდოდ, უკრძალავს, რომ მათთან კომმუნიაკაცია არ ჰქონდეს. 

ახლობლის თქმითვე, ბოლო დროს  მას კონფლიქტი  ძმასთანაც ჰქონდა, რის გამოც ბოლო ორი თვე სენაკში, ნათესავთან ცხოვრობდა. უთანხმოების მიზეზი კი იყო ის, რომ გოგონას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. 

ბეტას ყოფილი დედამთილი კი ამბობს, რომ მის შვილს ყოფილმა ცოლის ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ ბეტა სახლიდან გაეგდო, რადგანაც მან მეზობელთან „გამოიჭირა“ და ის სახლში თავად აღარ უშვებდა. 

ახლობლები კონფლიქტის მიზეზად ბავშვს ასახელებენ. მათი თქმით, ბეტა ამბობდა, რომ ქმარი სვამდა და მასზე ხშირად ძალადობდა. ამიტომაც, მასთან ურთიერთობა და ხშირი კომუნიკაცია არ სურდა. 

„საწყალი გოგო ყველამ გაწირა და ხელი აუქნია. რადგანაც მეგობარი ბიჭი ჰყავდა და ძმას უთქვამს სახლიდან წადიო. ბოლო ორი თვეა ასე სენაკში ნათესავებთან თავი ჰქონდა შეფარებული. დედა ჰყავს ემიგრანტი და ისიც ეხმარებოდა. 

ფაქტობრივად საწყალი გოგო ძმამაც სახლიდან გამოაგდო. ქმარი სვამდა და მცემდაო,  ასე ამბობდა. ნასამართლევიც არის და საკმაოდ ცუდი ხასიათი ჰქონდა. ყველასგან მოძულებული და უარყოფილი გოგო, შვილისთვის მაინც იბრძოდა. საწოლში არის მოკლული,  თავი აქვს დაჩეხილი. ასეთი სადიზმი რა არის. მოვკვდით ამ საწყლის ცოდვით“, - აცხადებს ახლობელი „რეზონანსთან“.  

ბეტა ნაჭყებიას ცხედარი მამის სახლში, ხობის რაიონში სოფელ ქვემო ქვალონშია დასვენებული. ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე  ბრალდებულის ბებია საუბრობს, რომლის სახლშიც მამაკაცმა საკუთარი მეუღლე, სავარაუდოდ ნაჯახით, მოკლა. 

82 წლის ქალს ჩხუბის ხმა არ გაუგია, მეუღლეებს შორის რომ ხშირ კონფლიქტი იყო, ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ძირითადად, კამათი ბავშვის ნახვის თემას ეხებოდა. მისი თქმით, რძალი მასთან ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა, არ გამორიცხავს, რომ 29 წლის ქალს მშობლებთანაც ჰქონოდა უსიამოვნება.  

სურამში მოკლული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მარიკა ლომიძე კი  ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო. მისი თქმით, ყოფილი რძალი ბავშვის ნახვის საშუალებას არ აძლევდათ. მას მხოლოდ მაშინ მიჰყავდა ბავშვი მამასთან სანახავად, როცა თავად მოისურვებდა. ამაზე კი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კამათი ხდებოდა.

„მათ ჩხუბის მიზეზი ძირითადად ბავშვი იყო. როცა მოესურვებოდა აჩვენებდა ბავშვს, როცა არა და არა. ასე მუდმივად ხვეწნა-მუდარაში იყო ჩემი გაუბედურებული შვილი. ბავშვი უყვარდა ძალიან და თუ მისი სურვილი არ იყო, მამა-შვილს ერთმანეთს არ ახვედრებდა. თუ თავის სურვილი იყო, ჩამობრძანდებოდა და აჩვენებდა  ყველას, თუ არადა - არა", - ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში  ეჭვმიტანილის დედა.    

წყარო


თეგები :