• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.  შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი.

"აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში.

ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების  დეპორტაცია. საქართველოსთან "ცირკულარული მიგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმება კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.


თეგები :