• თბილისი
  • 17°C
  • 01 აპრილი, 2020
article

"ჩინეთში საქართველოს საელჩო, გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან"

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა დაწესებული არ არის.

უწყება საელჩოს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერსაც აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ:  +86 13716877635.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.


თეგები :