• თბილისი
  • 4°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს ესწრება "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს".

ღონისძიება, რომელიც მუზეუმ "იად ვაშემში" გაიმართება, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ძალიან დიდ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.

"ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში და რასაც შეიძლება შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს.

საქართველოსათვის პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ეს მსოფლიო მოვლენაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიოს 49 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 41 სახელმწიფოს მეთაური ესწრება, "იად ვაშემის" მემორიალთან არის დაგეგმილი.

ფორუმს დაესწრებიან: რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი, იტალიისა და ავსტრიის პრეზიდენტები. ასევე ევროკავშირის საკვანძო თანამდებობის პირები.


თეგები :