• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

რამ შეაშინა კვირიკაშვილი, რატომ გადაიფიქრა პოლიტიკაში ჩართვა და ვინ მიუგზავნა ყოფილ პრემიერს ივანიშვილმა?

პრესა.ჯიმ ის დეტალები გაარკვია, რომლის გამოც ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ამ ეტაპზე გადაიფიქრა. 

საქმე ისაა რომ გიგი უგულავას დაკავების გამო კვირიკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და ოპოზიციის ერთერთი ლიდერის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. 

თუმცა, მალევე, კვირიკაშვილის ფეისბუქიდან წერილი გაქრა, ხოლო გუშინ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა რომ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

„მე მექნება, რა თქმა უნდა, ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ“, - თქვა კვირიკაშვილმა. 

თუმცა, ამ განცხადებამდე, მას არაოფიციალური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მარგველაშვილთან, ისე მამუკა ხაზარაძესთანაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შემოსულიყო აქტიურ პოლიტიკაში. ის უკვე ემზადებოდა "ლელოში" მისასვლელად.

მაინც რა მოხდა? რატომ გადაიფიქრა მოულოდნელად ყოფილმა პრემიერმა „მეორედ მოსვლა“ და პოლიტიკაში დაბრუნება? 

საქმე ისაა რომ უგულავას დაკავების შემდეგ, კვირიკაშვილის განცხადებამ ძალიან გააღიზიანა არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ყოფილ პრემიერს მეგობრების დაკავებით დაემუქრა. 

მეტიც, ივანიშვილმა მას შეუთვალა რომ თუ არ გაჩერდება: „არ აკმარებს მისი უახლოესი გარემოცვის ციხეში გაშვებას და ციხის გზას გაუყენებს მასაც. 

კერძოდ, დაიწყებს გამოძიებას კვირიკაშვილის პრემიერობის დროს განხორციელებული პროექტებიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტებზე, ატარებს დაკითხვებზე და გამოფიტავს...“

„ეს იყო კონკრეტული მუქარა და ამ მუქარის სცენარი, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, თუ კვირიკაშვილი გაგრძელებდა გზას აქტიური პოლიტიკისაკენ“ - გვიყვება ყოფილი პრემიერის გარემოცვის ერთერთი ყველაზე უახლოესი წევრი.

ამ მუქარის შემდეგ, კვირიკაშვილს ასევე ურჩიეს - გაეკეთებინა საჯარო განცხადება იმის შესახებ რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, რაც მან მორჩილად შეასრულა. 

საინტერესო დეტალი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვირიკაშვილი ივანიშვილის მხრიდან მუქარის მსხვერპლი გახდა. 

მაგალითად: როდესაც ივანიშვილმა მას პრემიერობიდან გადადგომა უბრძანა, თავდაპირველად კვირიკაშვილი არ დაემორჩილა და გადადგომაზე უარი თქვა. 

თუმცა, მოგვიანებით, მასთან სპეცსამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და აუხსნეს, რა მოხდებოდა მისი გაჯიუტების შემთხვევაში. 

ამის შემდეგ, კვირიკაშვილმა პოზიცია შეიცვალა და პრემიერობიდან გადადგა...

ასე მოხდა ახლაც. ხაზარაზე-ჯაფარიძის პარტიაში მისასვლელად გამზადებული კვირიკაშვილი, რეჟიმის, მუქარისა და შესაძლო შანტაჟის წყალობით ისევ ჩრდილში დარჩა - ამ ეტაპზე.