• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს

მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო.

ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის, მერწმუნეთ, რომ იქნებ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი", - თქვა პრემიერმა.

ჯერჯერობით უცნობია რა ფასად აპირებს შენობის გაყიდვას ეკონომიკის სამინისტრო.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

2014 წლისსექტემბერში საქართველოს პარლამენტმა შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე, თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში. თბილისის პარლამენტის შენობაში ბიუროსა და კომიტეტების სხდომები აღდგა. გარემონტდა სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებიც.

2019 წლის იანვრიდან კი პარლამენტი ქუთაისშია აღარ მუშაობს და მთლიანად თბილისში გადავიდა.


თეგები :