• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

შს მინისტრის მოადგილის ბიზნესი, დამალული გადასახადები, გადაქაჩული 562 ათასი და დიდი კორუფცია ბიუჯეტის ხარჯზე...

შს მინისტრის მოადგილის ბიზნესი, დამალული გადასახადები, გადაქაჩული 562 ათასი და დიდი კორუფცია ბიუჯეტის ხარჯზე...

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, დას, ნათია ცაციაშვილს საბიუჯეტო ხელშეკრულებების გაფორმებაში ეხმარება. 

შედეგად: თბილისის ბიზნეს სახლი, რომლის გენერალური მენეჯერიც ნათია ცაციაშვილია, სრულიად უპრობლემოდ და ზოგჯერ პირდაპირი მიყიდვის წესით აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც შს სამინისტროსთან, ისე სხვა სამინისტროებთან და მერიებთან.

დებ ცაციაშვილებს, სისხლიან ჯალათად და მოსკოვის კაცად წოდებული პრემიერი, გიორგი გახარია ლობირებს. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ თბილისის ბიზნეს სახლი ბიუჯეტიდან წარმატებით „ქაჩავს“ თანხებს, თანამშრომლებს ხელფასსაც კი არ უხდის ბოლომდე, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ცინიკურს ხდის არსებულ მდგომარეობას.

დეტალები და ციფრები

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისის ბიზნეს სახლის დირექტორი და მფლობელი გიორგი გაგნიძეა. მისი გენერალური მენეჯერი კი, შს მინისტრის, ნინო ცაციაშვილის და, ნათია ცაციაშვილი, რაც გაფორმებული ხელშეკრულებებითაც დასტურდება. კომპანიის იურიდიული მისამართია რუსთაველის 14.

თბილისის ბიზნეს სახლმა, რომელიც რეალურად დებ ცაციაშვილების ბიზნესია, უკვე მოასწრო რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წელსაც. 

მაგალითად: 2020 წლის 2 თებერვალს, შს მინისტრის მოადგილის დის კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან - 15 ათას ლარზე. 

შს მინისტრის მოადგილის ლობირებით თბილისის ბიზნეს სახლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების არასრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახელშეკრულებო ღირებულება: 36,000 ლარი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, სახელშეკრულებო ღირებულება: 300,000 ლარი.

იურიდიული დახმარების სამსახური, სახელშეკრულებო ღირებულება: 36,000 ლარი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სახელშეკრულებო ღირებულება: 10,000 ლარი.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, სახელშეკრულებო ღირებულება: 30,000 ლარი.

შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სახელშეკრულებო ღირებულება: 40,000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, სახელშეკრულებო ღირებულება: 50,000 ლარი.

თავდაცვის სამინისტრო, სახელშეკრულებო ღირებულება: 10,000 ლარი.

საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტი, სახელშეკრულებო ღირებულება: 35,000 ლარი…

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ხელშეკრულებების, რომლებიც თბილისის ბიზნეს სახლმა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გააფორმა. 

აქედანაც ჩანს, რომ ხელშეკრულებების დიდი ნაწილი შს სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან აქვს გაფორმებული, დიდი ალბათობით, შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გავლენით.

თუმცა, დები ცაციაშვილები თარჯიმნებს ბოლომდე ხელფასებსაც კი არ უხდიან. 

დაზარალებულებს, იურიდიულ დახმარებას სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა უწევს. 

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ იმყოფებოდა ის ჩვენთან ოფისში, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.

დაზარალებული თარჯიმნების ნაწილი კი სრულიად ღიად საუბრობენ და იმ პრობლემებზე, რომლებიც კომპანიაში არსებობს... 

აი ფაქტები: 

პრესა.ჯი: როდიდან მუშაობთ თბილისის ბიზნეს სახლში, რამდენი ხანია, რაც არ გიხდით ხელფასს კომპანია და რამდენი აქვს თქვენი დავალიანება?

სევილ ომაროვი: მე ბიზნეს სახლში 2019 წლის სექტემბრიდან აღარ ვმუშაობ, მუშაობა დავიწყე 2018 წლის მარტის თვიდან. 

თავიდანვე იყო პრობლემა თანხის გადახდაზე, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ მუქარები დაიწყეს. მე ვეუბნებოდი, რომ აღარ წავიდოდი თარგმანზე, რადგან ხელფასს არ მიხდიდნენ, უფასოდ კი არ ვაპირებდი მომსახურებას. მარტოხელა დედა ვარ, ორ შვილს ვზრდი მარტო და მუქარის გამოყენებით მაიძულებდნენ, რომ მემუშავა.

- ქალბატონო სევილ, რაში გამოიხატება იძულება, რით გემუქრებოდნენ?

- მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თუ არ წახვალ თარგმანზე, ამით დაარღვევ ხელშეკრულებას და დაგაჯარიმებთ.

- კონტრაქტი გაფორმებული გქონდათ?

- კი, მქონდა და იძულებული ვხდებოდი, რომ წავსულიყავი გამოძახებაზე, რადგან ჯარიმის გადახდის საშუალება არ მქონდა. 

ვეუბნებოდი, რომ კონტრაქტის პირველი დამრღვევები თავად იყვნენ, რადგან ხელფასს არ მიხდიდნენ, თუმცა სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ და არ მქონდა იმის რესურსი, რომ დამემტკიცებინა მათი დარღვევა. თანხას ნაწილ-ნაწილ იხდიდნენ და ძალიან ცოტას, რათა გავეჩუმებინე.

- რა თანხაზე ავიდა მათი თქვენს მიმართ დავალიანება?

- ჩემთან დავალიანება 1000 ლარამდე აქვთ, ზუსტად არ ვიცი კიდევ, რადგან თავად ყოველთვის არასწორად ითვიდნენ და მაკლებდნენ.

- ვისია ეს კომპანია?

- როგორც ვიცი, ოფიციალურად გიორგი გაგნიძეს ეკუთვნის, თუმცა...

- რა როლს ასრულებს ამ ბიზნესში ნათია ცაციაშვილი?

- ნათია ცაციაშვილი არის მთავარი მენეჯერი.

- თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნათია ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის და არის?

- დიახ, მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და სხვათა შორის, ბოლოს რომ ვიკამათეთ, მართალია, კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ ჩემი მისამართით წამოვიდა მუქარები, რომ საქმეს გამიფუჭებდა და ვეღარსად ვიმუშავებდი, კარიერას დავემშვიდობებოდი და ა.შ. 

მე ვფიქრობ, რომ მუქარის საფუძველს სწორედ ის აძლევდა, რომ მისი და გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობდა. 

მისი საუბრიდან ეს დასკვნა გამოვიტანე. მე იურიდიულზე ვსწავლობ და პროკურატურაში ვაპირებ მუშაობას, მან ეს იცოდა. 

პრესა.ჯი: თბილისის ბიზნეს სახლი არ გიხდით კუთვნილ ხელფასს...

ზაურ რამაზოვი: არა მარტო ჩემი, ბევრი თარჯიმნის დავალიანება აქვს ამ კომპანიას.

- რამდენი აქვს თქვენი ვალი აღნიშნულ კომპანიას?

- ჩემთვის მოსაცემი აქვს 1860 ლარი...

- რა მიიღეთ პასუხად, როდესაც კუთვნილი ხელფასი მოითხოვეთ?

- ხან მპირდებიან, რომ გადანაწილებით მომცემენ, ხან მეუბნებიან - სადაც გინდა, იქ მიდი და იქ იჩივლეო. გადანაწილებაში იგულისხმება ის, რომ თვეში 100 ლარს მომცემენ და ეცდებიან რამდენიმე თვე ამით გამაჩუმონ.

- თბილისის ბიზნეს სახლს კომპანიას თუ აქვს გაფორმებული კონტრაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ან რომელიმე სხვა უწყებასთან, რომელიც შსს-სთან კავშირშია?

- კი, აქვს. ადრე განყოფილებებთან ჰქონდა გაფორმებული, ამჟამად საპატრულოსთანაც აქვს, კრიმინალურ დეპარტამენტთან და მსგავს უწყებებთან.

- სამართლებრივად თუ მოგითხოვიათ თქვენი ხელფასი?

- ჯერ არა, თუმცა ვაპირებთ თარჯიმნები, რომ სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში.

მანანა კარაპეტიანი: რამდენი თვის დავალიანება აქვს თბილისის ბიზნეს სახლს თქვენი და რა თანხაზეა ასული ეს დავალიანება?

მანანა კარაპეტიანი: სამწუხაროდ, ვერ დავადგინე ზუსტად თანხის ოდენობა. აქ ვმუშაობ 2015 წლიდან და 2016 წლიდან ველოდები ჩემს კუთვნილ ხელფასს. მარტო 2019 წლიდან რომ დავითვალოთ, თანხა 4000 ლარამდე ავიდა.

- როგორც ვიცით, კომპანიამ თქვენი ხელმოწერა გააყალბა. რა მოხდა და რატომ დასჭირდათ თქვენი ხელმოწერის გაყალბება კომპანიის წარმომადგენლებს?

- ტენდერში დასჭირდათ გამოყენება, ისე რომ ნებართვაც არ აუღიათ. 

ჩემი ხელმოწერა არ არის იქ, ჩემს დაუკითხავად მოაწერეს ხელი და ჩემი მონაცემები ატვირთეს. ხელმოწერის თარიღი არ არის მითითებული და მეუბნებიან, რომ ძველი ხელმოწერაა, არადა ჩემს ხემოწერას ხომ ვცნობ... 

მეტსაც გეტყვით, როდესაც ხელფასის გადაუხდელობის გამო აღარ წავედი გამოძახებაზე, ჯარიმა დამაკისრეს, როგორც პირგასამტეხლო.

ნათია ხარებოვი: 6 თვეზე მეტია, რაც ხელფასი არ ჩამრიცხვია და ჩემი დავალიანება, როგორც თვითონ დამითვალეს, არის 7262 ლარი, თუმცა დიდი ნაწილი არის ახალი ტარიფით დათვლილი. 

ადრე ჩვენ საათში, თურქულზე, 15 ლარი გვქონდა ხელფასი, თუმცა შემდეგ ტარიფი გაანახევრეს და ჩამოგვიყვანეს საათში 8 ლარზე, დავალიანებაც სწორედ ახალი ტარიფით არის დათვლილი, რეალურად კი უფრო მეტი აქვთ გადასახდელი ჩემთვის. 

ახალი ტარიფის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელი არ მაქვს მოწერილი, თუმცა... აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - იმისთვის, რომ სახელმწიფო გადასახადი დამალონ, კომპანიას გაფორმებულები ვყავართ, როგორც მცირე მეწარმეები. 

ამის გამო 20%-ის ნაცვლად ისინი სახელმწიფოს 1%-ს უხდიან. 

ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ ასე უფრო მოსახერხებელი იყო მათთვის და შეგვპირდა, რომ ბუღალტრულ მხარეს თავად მოაგვარებდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგნი ვიყავით, მაინც გაგვაფორმეს მცირე მეწარმეებად და აქ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა - ბუღალტრული მხარე მოუწესრიგებელია და ამის გამო ჩვენ გვეკისრება ფულადი ჯარიმები.

პრესა.ჯი, შს მინისტრის მოადგილის დას, ნათია ცაციაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფორმალურად შპს თბილისის ბიზნეს სახლის მთავარი მენეჯერია, რეალურად კი, მფლობელი. ის საკმაოდ აგრესიული იყო...

პრესა.ჯი: გამარჯობა ქალბატონო ნათია, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ არ უხდით თარჯიმნებს მათ კუთვნილ ხელფასებს...

- არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი.

- რამდენიმე თარჯიმანს ვესაუბრეთ და ისინი აღნიშნავენ, რომ თქვენს კომპანიას მათი დავალიანება აქვს...

- ვინ არიან, სახელები და გვარები მითხარით...

- ჩვენ ვიცით, რომ 200-მდე თარჯიმანი მუშაობს თქვენთან და არც ერთ მათგანს მიუღია თავისი ხელფასი სრულად, უკვე თვეებია...

- თქვენი სახელი და გვარი მითხარით, რომ ჩავინიშნო... 

არ მსურს თქვენთან საუბარი, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. 

- თქვენი და რა ფორმით მონაწილეობს ამ ბიზნესში? 

- არ მსურს საუბარი, ხომ გაიგეთ...

p.s:  ამ საუბრიდან მალევე, პრესა.ჯის ერთ-ერთი თარჯიმანი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ აღარ სურს მედიასთან ღიად საუბარი. 

სავარაუდოდ, მასზე გარკვეული სახის ზეწოლა განხორციელდა, რასაც თან დაერთო ზვიად კუპრავაზე თავდასხმაც. 

ჩვენი ოფისიდან გამოსულ კუპრავას, თავის საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ - რეჟიმის ტიტუშკები. 

თუმცა, რეჟიმმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ხოლო ტიტუშკებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება სისხლის სამართლის დანაშაულზე.