• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"საქართველოს ბანკი" ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს თანამშრომლის გვერდით მჯდომი კოლეგაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.


თეგები :