• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ხორხე ბაგრატიონის მეუღლე და დავით ბაგრატიონის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლის, ხორხე ბაგრატიონის მეუღლე და დავით ბაგრატიონის დედა, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა, 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ამის შესახებ პრესა.ჯის ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა აცნობა, რომელიც სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირია.

პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი დავით ბაგრატიონის დედაა.

დავით ბაგრატიონი ამჟამად საგურამოში იმყოფება. მისი სურვილია რომ დედა საქართველოში ჩამოასვენოს და საგურამოში დაკრძალოს, თუმცა, როგორც ის გარემოცვას ეუბნება, არსებული სიტუაციის გამო, ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. 

"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება რომ გუშინ, 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . 

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწულის, დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.


პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 

1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. 

სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი", - ეს სამძიმრის წერილი გუშინ საქართველოს სამეფო სახლმა გაავრცელა.

პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელს გულის პრობლემები ჰქონდა. როგორც ჩანს, კორონავირუსმა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია რომ ხორხე ბაგრატიონი სვეტიცხოველშია დაკრძალული. 

პრესა.ჯი იზიარებს ბაგრატიონთა მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.