• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"ფარმაგიდის" სააფთიაქო ქსელში, 20 თეთრიან ერთჯერად პირბადეს 2 ლარად და 50 თეთრად ყიდიან

ერთჯერადი პირბადე, რომელიც ცოტა ხნის წინ 20 თეთრი ღირდა, "ფარმაგიდის" აფთიაქებში 2 ლარად და 50 თეთრად იყიდება. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე კვირაა, ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა პირბადეები დახლებიდან გააქრეს. 

დღეს, პირბადე საქართველოში დეფიციტია. მთავრობა პირბადეების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე ფიქრობს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ფიქრობს და არ მოქმედებს... 

სამაგიეროდ, "ფარმაგიდის" სააფთიაქო ქსელმა, ერთი ცალი პირბადის ღირებულება საშუალოდ 12-ჯერ, 1,200 პროცენტით გაზარდა და მას ახლა 2 ლარად და 50 თეთრად ყიდის, რისი მიზეზიც, მათი ინფორმაციით, ადგილობრივი მომწოდებლების მიერ ფასის მკვეთრი ზრდა გახდა, ამ პროდუქტის მსოფლიო დეფიციტიდან გამომდინარე...

სხვა ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში კი, პირბადეები, უბრალოდ, არ იყიდება. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ რომ არ იციან როდის გამოჩნდება ერთჯერადი პირბადე ქართულ აფთიაქებში.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთჯერადი პირბადის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაშია რეკომენდირებული, ერთ ადამიანს, გარეთ გასვლისას, საშუალოდ ორი პირბადე სჭირდება, რაც "ფარმაგიდის" კატასტროფულად მაღალი და მორალურად გაუმართლებელი ფასის მიხედვით, 5 ლარს უტოლდება.

P.S: ბიზნეს კატალოგის, "ბია"-ს მიხედვით, ფარმაგიდი, ფარმაცევტული კომპანია "გეა"-ს (ს/ნ 201951209) საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, "გეა"-ს დამფუძნებლები არიან: ანა გველესიანი (25 %), ირინე კაპანაძე (13 %), ირინე ჭელიძე (31 %) და ხათუნა მანჯგალაძე (31 %).

#ჩვენვრჩებითსამსახურშითქვენთვის 

#თქვენდარჩითსახლშიჩვენთვის


თეგები :

პირბადე