• თბილისი
  • 33°C
  • 15 ივლისი, 2020
article

"მთავრობამ მოგვცა მითითება" - გაიაშვილი დაგეგმილი სპეც რეისების გაუქმებაზე - რატომ გაწირეს ქართველი ემიგრანტები?

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ავიახაზებმა (აირზენამ) დაგეგმილი სპეც რეისები გააუქმა. 

დღეს, ავიარეისი ავსტრიიდან უნდა შესრულებულიყო, ხვალ-ზეგ კი, პარიზიდან, ამსტერდამიდან უნდა ჩამოეყვანათ ჩვენი ემიგრანტები. 

უმუშევრად და უფულოდ დარჩენილმა ემიგრანტებმა, ამ პანდემიის დროს, ბოლო თეთრები გადაიხადეს ბილეთებში, სპეციალურად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ამ ქალაქებში, რათა სპეც-რეისებით საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ისინი, უბრალოდ, გაწირა. ამ მომენტისთვის ყველა რეისი მოხსნილია. არადა, აქამდე ხელისუფლება ამბობდა რომ ჩარტერულ რეისებს დანიშნავდა ემიგრანტების ჩამოსაყვანად. ხოლო მგზავრობის თანხებს თავად აანაზღაურებდა.

თუმცა, რა დახმარება, ემიგრანტებს, რომლებმაც საკუთარი ფულით შეიძინეს გაძვირებული ბილეთები, საერთოდ მოუსპეს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა და რეისები გაუუქმეს.

"გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, ხალხი ქუჩაში დარჩა, უმრავლესობას წყლის და პურის ფული არ აქვს. ზოგი მძიმე სენით არის ავად. ამას ემატება კორონავირუსის საშიშროებაც...

ყველაფერი ამ ბილეთებში გადავიხადეთ, გუშინ გვეუბნებოდნენ რომ რეისები არ გაუქმდებოდა, თუმცა, დღეს გავიგეთ რომ ყველა რეისი მოხსნილია. ჩვენივე ქვეყანაში არ გვიშვებს ჩვენი ხელისუფლება", - გვითხრა ემიგრანტმა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს აღადგინოს გაუქმებული რეისები.

სპეც რეისების მოხსნას ადასტურებს საქართველოს ავიახაზების დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც. 

გაიაშვილი პირდაპირ ამბობს რომ ყველა რეისი ხელისუფლების მითითებით გააუქმეს. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები თითქმის სრულად იყო გაყიდული.

"პრესა.ჯი": ბატონო თამაზ, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ გააუქმეთ აირზენას 3 დაგეგმილი რეისი - დღევანდელი ავსტრია, ხვალინდელი ბერლინი და ამსტერდამი, მაშინ როცა ყველა ბილეთი გაყიდულია და ხალხს საქართველოში დაბრუნება უნდა. რა გახდა რეისების გაუქმების მიზეზი?

თამაზ გაიაშვილი: მთავრობამ მოგვცა მითითება და იმის მიხედვით მოვიქეცით. 

- ყველა რეისი მთავრობის მითითებით გააუქმეთ?

- დიახ.

- რა მიზეზით მოგთხოვეს რეისების გაუქმება?

- არ ვიცი, მთავრობას ჰკითხეთ".

ევროპის ქვეყნებში, უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი ათი ათობით ქართველი ემიგრანტი იმყოფება და ებრძვის ახალ კორონავირუსს. მაგალითად, ესპანეთში უკვე გარდაიცვალა რამდენიმე ქართველი Covid 19-ით.

შემქნილი მდგომარეობისა და პანდემიის გამო, ემიგრანტების ნაწილი საქართველოში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლება მათ თავისივე სამშობლოში დაბრუნებას უზღუდავს.


თეგები :

ემიგრანტები