• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

იგეგმება ბაკურიანის მთლიანად საკარანტინე ზონად გამოცხადება, რომელსაც პოლიცია დაიცავს - ელოდებიან 3 ათასამდე ადამიანს...

პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ მთავრობა ბაკურიანის მთლიანად საკარანტინე ზონად გამოცხადებას გეგმავს. 

საკარანტინო ზონა მოეწყობა გოდერძის უღელტეხილზეც, მას შემდეგ, რაც ამინდები გაუმჯობესდება. 

სასტუმროს ნომრების აღრიცხვა უკვე დაწყებულია, რომელშიც საპოლიციო ძალების გარდა, თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

ასევე გავარკვიეთ რომ ბაკურიანში უკვე გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაში. 

მათ შორის, სასტუმრო Bakuriani Inn-ში, სადაც ძირითადად რუსეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული პირები მოათავსეს. 

გარდა ამისა, ბაკურიანის სხვადასხვა სასტუმროებში, მაგალითად, ვილა პალასში გადანაწილებულია კიდევ 30 ადამიანი, საღამომდე კი, 35-ს ელოდებიან. 

არსებული გათვლებით, მთლიანად, ბაკურიანის სასტუმროებში, 2,000-დან 3,000-მდე ადამიანი უნდა განთავსდეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნდებიან. ისინი, ორ კვირიან ვადას სწორედ ბაკურიანის საკარანტინე ზონაში გაატარებენ.

მდებარეობითა და სასტუმროების რაოდენობით, ბაკურიანი საკარანტინე ზონისათვის შესაფერისად ჩაითვალა.

თუმცა, იქ ივანიშვილის სასახლეც დგას და საინტერესოა, გამოიყენებენ თუ არა მას, საკარანტინე ადგილად, კერძო სასტუმროების მსგავსად.

მთავრობაში ფიქრობენ რომ სიტუაცია გართულდება და ახალი კორონავირუსი მასშტაბურად დაიწყებს გავრცელებას. ამიტომ, მის შესაკავებლად, მსგავსი სივრცის საკარანტინე ადგილების მოწყობა აუცილებელია, რომელსაც პოლიცია დაიცავს.

შესაბამისად, ბაკურიანის გარდა, საკარანტინე ადგილები მოეწყობა გოდერძის უღელტეხილთანაც, სადაც, სავარაუდოდ, კარვების ქალაქს გაშლიან. 

შეგახსენებთ რომ ამ მომენტისათვის, საქართველოში, ახალი კორონავირუსით, 54 ადამიანია დაინფიცირებული, 2 ათასამდე კი თვითიზოლაციასა და კარანტინში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

საქართველოში, მასობრივად ბრუნდებიან ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან, სწორედ კარანტინში გადაჰყავთ.