• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ეკონომიკის ჩამოშლისა და სოციალური აფეთქების ფონზე, შსს-მ შენობის გასარემონტებლად 2,121,697 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა

ერთი მხრივ შს სამინისტრო, მისი ეკონომიკური დეპარტამენტისა და მეორე მხრივ უცხოური საწარმოს ფილიალის, ბრიტანია ქონსთრაქშენის დირექტორის, მაია ნოზაძის სახით - ასე იწყება ერთი კვირის წინ, 2020 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ასლი პრესა.ჯიმ მოიპოვა. 

ხელშეკრულების მიხედვით, შსს, მაშინ, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ლარი უკიდურესად გაუფასურდა, ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა და 100,000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა, რემონტისთვის - მათ შორის კიბის მოაჯირების შესაკეთებლად, ჭერის გასაახლებლად და სამღებრო სამუშაოებისათვის 2 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. 

ხელშეკლურებით, შს სამინისტროს რემონტზე ჯამში 2 მილიონ 121 ათას 697 ლარია გათვალისწინებული და სარემონტო სამუშაოებს უცხოური საწარმოს ფილიალი - ბრიტანია ქონსთრაქშენი ასრულებს. 

სხვა ვითარებაში, შესაძლოა, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების რემონტი.

თუმცა, ახლა, როდესაც სოციალური აფეთქების ზღვარზე ვართ და თან ისე რომ ჯერ ახალი კორონავირუსიც არ დაგვიმარცხებია, სრულიად ცინიკურად გამოიყურება მინისტრ გომელაურის დასტურით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2,121,697 ლარი კვლავ ჩინოვნიკების ფუფუნებაში უნდა გადავყაროთ. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბრიტანია ქონსთრაქშენი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიაა. 

კერძოდ, ბრიტანია ქონსთრაქშენის დამფუძნებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Geo Sky Construction Limited, 9813522 /დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო/, 07.10.2015 . 

ხელშეკრულების დეტალების მიხედვით, შსს ბიუჯეტის ფულს, ჯამში 2 მილიონზე მეტს იხდის როგორც ე.წ. პლინტუსების მოწყობაში, ისე მაღალი ხარისხის გრანიტის სამუშაეობის შესრულებაში.


თეგები :