• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო თავის ტკივილები, დაღლილობა, მომცა ტემპერატურაც" - გერმანიაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ახალგაზრდა მკურნალობის კურსს სახლში გადის

26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხიდან არის, ახალ კორონავირუსს, გერმანიაში, სახლის პირობებში მკურნალობს. ამბობს, რომ თავს ყოველდღიურად უკეთ გრძნობს და სურს, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

თენგო ახლა ქალაქ ბრანენბურგშია, დაინფიცირების შესახებ, დაახლოებით ათი დღის წინ გაიგო. სიმპტომებმა დააეჭვა და ტესტი გაიკეთა, რომელმაც ინფიცირებაზე დადებითი პასუხი აჩვენა.

"დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო თავის ტკივილები, დაღლილობა, რამდენიმე დღის წინ მომცა ტემპერატურაც. სხვა სიმპტომები არ მქონია. მკურნალობას სახლში გავდივარ, იმიტომ, რომ სავადმყოფოში ბევრად მძიმე პაციენტები არიან. ჩემი შემთხვევა მსუბუქია და შემიძლია თავად გავუმკლავდე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა კორონა მქონოდა“.

დაინფიცირების წყარო თენგოსთვის უცნობია, ვარაუდობს, რომ ეს ეგვიპტეში ყოფნას უკავშირდება.

"ეგვიპტეში ვიყავი ერთი კვირით დასასვენებლად და ვფიქრობ, რომ ამ დროის მონაკვეთში დავინფიცირდი. გერმანიაში 29 თებერვალს დავბრუნდი. მას მერე, აქაც მქონდა ადამიანებთან კონტაქტი, მაგრამ მართლა არ ვიცი, როგორ მოხდა“.

მისივე თქმით, მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულ პრეპარატს არ იყენებს: „მხოლოდ პარაცეტამოლს ვსვამ, ესეც იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38 გრადუსს ასცდა. ვიღებ ბევრ სითხეს, წვენს, ჩაის, წყალს. სხვა მედიკამენტი არ მიმიღია, ორგანიზმი იბრძვის და ამ ვირუსის წინააღმდეგ თავად იმუშავებს იმუნიტეტს“, - ამბობს თენგო.

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ, იმუნიტეტს გაუფრთხილდნენ და სახლში დარჩნენ.

"პანიკაში ნუ ჩავარდებით, არ არის საშიში არაფერი. დაძაბულობა და სტრესი პირველი მტერია იმუნიტეტის. ნუ იქნებით დაავადების გადამტანები, დარჩით სახლში. შეიძლება ეს უსიმიპტომოდ მიმდინარეობდეს. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია და ასე გადავდებთ საყვარელ ადამიანებს, ნათესავებს, რომლებზეც გული შეგვტკივა“.

საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, თენგომ ვიდეო თავად ჩაწერა და სოციალურ ქსელში, სპეციალურად კორონავირუსის თემაზე შექმნილ ჯგუფში გააზიარა.


თეგები :