• თბილისი
  • 26°C
  • 04 აგვისტო, 2020
article

მაია ცქიტიშვილი მიკროსაფინანსოებზე: ამ დროს ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ

"ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ“,- ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილზე დასმულ კითხვას, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე უარი განაცხადა.

ამასთან ცქიტიშვილმ, ბიზნესორგანიზაციებს იმ ადამიანებზე ზრუნვისკენ მოუწოდა, ვინც ვირუსიდან გამომდინარე შემოსავალი დაკარგა და ამგვარად დაზარალდა.

"ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გადავადებას, იყო მთავრობის, ბანკებისა და ამ ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივა.

ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა.

მოვუწოდებთ, გადაიაზროს არსებული ვითარება, მიხვდეს, ასევე, რომ ეს ორგანიზაციებიც ატარებენ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა ჩვენი მოქალაქე ატარებს დღეს.

მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ან დაკარგავენ შემოსავალს და დაზიანდნენ ამ გლობალური პანდემიის შედეგად.

რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ბიზნესი და იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ, ზეგ გახდებიან ასევე ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები.

ასე რომ, ამ ორგანიზაციებს მომავალში თავისი რეპუტაციული რისკებიც შეიძლება ჰქონდეთ.

მოდით ერთად დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


თეგები :