• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ვინ არიან ქალები, ვინც კორონავირუსით ინფიცირებული მეზობლების კარტოფილი გათოხნეს

ნაირა პაქსაძე ის ქალბატონია, რომელმაც სოფელ მარადისში სხვა აქტიურ 9 თანასოფლელ ქალთან ერთად, კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორი ოჯახის კარტოფილის ნარგავები გათოხნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, სადაც ძირითადად აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ახალი კორონავირუსი რამდენიმე ოჯახს დაუდასტურდა. ამ ქალებმა აიღეს საკუთარ თავზე მათ სოფელში კორონავირუსისგან დაინფიცირებული ორი ოჯახის დახმარება და მეზობლების ნარგავები სარეველებისგან გაწმინდეს.

ნაირას თქმით,  რადგან სამზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, ქალები 3-3 ჯგუფად გადანაწილდნენ და ასე მუშაობენ. "ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, კარტოფილი გაფუჭებული რომ არ დახვდეთ, ნარგავები გავუწმინდეთ. ახლა ბროკოლი უნდა დავუთესოთ და როცა სახლში დაბრუნდებიან, ჩითილები დახვდებათ," - უთხრა ნაირამ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის საავადმყოფოში მყოფ მათ მეზობლებს, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, მათ ცრემლებით გამოხატეს მადლიერება.

9 აქტივისტი ქალიდან ცხრავეს ადრეული ქორწინების ისტორია აქვს. ნაირა ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინებების მიმართ ყოველთვის პროტესტი ჰქონდა. ის 16 წლის ასაკში გაათხოვეს იძულებით, მათგან ერთ-ერთი ქალი კი, 13 წლის ასაკშია დაქორწინებული. ნაირა ამბობს, რომ სოფელში ამ რეალობის შესაცვლელადაც ქალებმა ბევრი იბრძოლეს.

ნაირა და მისი მეგობარი ქალები კოვიდ 19-ის პანდემიისას სოფელში მარტოდ დარჩენილ მოხუცებსა და გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარებიან. მათ თავიანთი დანაზოგით პირბადეები შეკერეს, სადეზინფექციო ხსნარები და სველი ხელსახოცები შეიძინეს და სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგეს.

მასალა მომზადებულია გამოცემა "ბათუმელების" მიხედვით.


თეგები :