• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ფხალისა და ხილის ასორტი, ქათმისა და ხბოს მწვადი, კანაპე ლორით, ხაჭაპური, შუ, ეკლერი... - რაში ხარჯავს ზუგდიდის მერი ბიუჯეტის ფულს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე

ქართული ოცნების ჩინოვნიკები თავს უფლებას აძლევენ ბიუჯეტის ფული სხვადასხვა სახის დელიკატესებსა და "ფურშეტებში" დახარჯონ მაშინ, როდესაც ხელისუფლება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე დევნილებს, სტუდენტებს, გლეხებს, ფერმერებს, ვეტერანებს ერთი თეთრითაც კი არ ეხმარება.

ფაქტი: პრესა.ჯიმ მოიპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ზუგდიდის მერიამ, 2020 წლის 24 თებერვალს, ხელშეკრულება გააფორმა კვებითი მომსახურების (ფურშეტის) შესახებ, რომელიც ამ მომენტამდეც მოქმედია.

ხელშეკრულებას, ხელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილე, გიგა ფარულავა და შპს "დეჟავუს" დირექტორი, მიხეილ მამრიკიშვილი აწერენ.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს "დეჟავუმ", ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ფხალისა და ხილის ასორტი, ქათმისა და ხბოს მწვადი, ყველისა და ლორის კანაპე, ჭვიშტარი, ხაჭაპური, ბლინები, შუ, ეკლერი, ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი, ლიმონათი, ზეთისხილი, ლობიანი, ყველის კუბიკები და სხვა საკმაოდ ძვირადღირებული კერძები უნდა მიაწოდოს, ჯამში - 12,408 ლარის ღირებულების.

ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია რომ შესყიდვის წყაროა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი.

"ხელშეკრულების საგანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების და კულტურული ღონსძიებების პროგრამებით გათვალისწინებული და ამავე სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებებისათვის კვებითი (ფურშეტების ორგანიზების) მომსახურების შესყიდვა" - ეს არის ამონარიდი 2020 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან.

მარტივად რომ ვთქვათ: ხელისუფლებამ, თავისივე შედგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ გამონახა რესურსი დახმარებოდა ასი ათასობით ადამიანს, რომელიც ამ წუთებში, ეკონომიკური კრიზიზის გამო შიმშილს ებრძვის. 

სამაგიეროდ, ქართული ოცნების ჩინოვნიკები, მწვადებსა და ნამცხვრებში ხარჯავენ მთავრობისგან მიტოვებული, მოტყუებული და გადაგდებული ხალხის ფულს.

P.S: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2018 წელს რეგისტრირებული შპს “დეჟავუს” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მისივე დირექტორი, მიხეილ მამრიკიშვილია.