• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ჩემი ძმა და ბიძები დედაჩემს ეუბნებოდნენ - ან "პიდარასტი" შვილი აირჩიე, ან კაციო" - ტრანსგენდერი ქალის ისტორია, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი. და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიწვავ!“, – ეს სიტყვები იმ ტრანსგენდერ ქალს ეკუთვნის, რომელმაც თბილისის მერიის შენობასთან თავის დაწვა სცადა. 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალებმა თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ. პანდემიის გამო უშემოსავლოდ დარჩენილები ბინის ქირას ვეღარ ისტუმრებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

ქალი, რომელიც დამწვრობებით ახლა კლინიკაშია გადაყვანილი, 19 წლის მადონა კიპაროიძეა. გამოცემა „პუბლიკა“ მას 22 იანვარს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს გამოცემის სტატიიდან ლგბტ ადამიანების უსახლკარობის პრობლემის შესახებ – „როცა ოჯახიც გდევნის“, სადაც მადონა თავის მძიმე წარსულსა და აწმყოზე საუბრობს. ტექსტი მთლიანად მის ნაამბობზე დაყრდნობით დაიწერა:

მადონა კიპაროიძე, 19 წლის

ცემა, ხორბალზე მუხლებით დგომა, ყინულები ხელის გულზე – ასე სჯიდა ხოლმე უფროსი ძმა მადონას. ამბობს, რომ ძმაზე მამა ძალადობდა და ისიც მსხვერპლი იყო, ამიტომ ძმის ამ  დამოკიდებულებას იმ გარემოს უკავშირებს, რომელშიც ოჯახს უწევდა ყოფნა. თვითონ ოჯახს ბავშვობიდან ეხმარებოდა, ხან ჯართს აბარებდა, ხან მეტროსთან პროდუქტებს ყიდდა. სკოლაში მისვლასაც ასწრებდა. იხსენებს, რომ ზოგჯერ ბოსელში იძინებდა ცხოველებთან ერთად, რათა ძალადობისთვის თავი აერიდებინა. შუაღამისას მაღაზიაში აგზავნიდნენ ხოლმე. სიბნელის შიში დღემდე ვერ დაძლია.

14 წლის ასაკში დედას გაუმხილა, რომ ტრანსგენდერი ქალია. ამის შემდეგ ოჯახი მას ყველანაირად ავიწროებდა, ინტერნეტთან წვდომაც შეუზღუდა. იხსენებს, რომ დედამ მოსთხოვა – უარი ეთქვა საკუთარ იდენტობაზე. მოზარდი სახლიდან გაიქცა და ასე დაიწყო ცხოვრება ღია ცის ქვეშ. ღამეს პარკებში, სადარბაზოებში ათევდა.

„ეს ჩემი გათვლა იყო, ცოტა შემეშინებინა და ყურადღება მოექციათ. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ გაუსაძლისი იყო ყოველდღე ერთსა და იმავეზე ლაპარაკი სახლშიც, სანათესაოშიც. ის ფაქტი მაგიჟებდა, როცა დედაჩემს ყველა ურჩევდა – ფსიქიატრთან მიიყვანეო. სრულიად ნორმალურ ადამიანს ფსიქოლოგიდან ფსიქოლოგთან დამატარებდნენ“.

ქუჩაში 21-დღიანი ცხოვრების შემდეგ მოზარდი დასუსტდა და ავად გახდა. სიცხიანი იძულებული გახდა, შინ დაბრუნებულიყო.

„ბოლოს ისე მშიოდა, რომ კორპუსებში ავდიოდი და კართან დაწყობილი ნაგვიდან პურს ვჭამდი. ბოლოს მივხვდი, რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ცოტა ამაყი ვიყავი და დახმარებას ვერ ვითხოვდი, მერჩივნა ნაგვიდან ამოღებული პური მეჭამა“.

შინ დაბრუნებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ დედამ მადონას შესთავაზა, რომ მუშაობა დაეწყო და საკუთარი სახლი აეშენებინა. უთხრა, შენს სახლში ვინც გინდა, ის იყავიო. „იმ დღიდან სახლის კარი დამიკეტეს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა“.

სახლიდან მეორედ წამოსული 14 წლის მადონა სექსსამუშაოში ჩაერთო. ცირკთან ტრანსგენდერი მეგობარიც შეიძინა და რამდენიმე თვით თავი მის ბინას შეაფარა. ამ პერიოდში მოზარდი სრულმა სასოწარკვეთამ შეიპყრო. ფიქრობდა, რომ ამ ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ იყო. ბოლოს თვითმკვლელობაც სცადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობისა“ და სოციალური მუშაკების დახმარებით მადონა ისევ ოჯახში დააბრუნეს. ოჯახმა ის იმ პირობით მიიღო, რომ ბიჭის ტანსაცმელს ჩაიცვამდა. მადონას სწავლის გაგრძელება სურდა და ამიტომ ოჯახის პირობას დასთანხმდა. სკოლიდან წიგნები გამოიტანა და სწავლა სახლში გააგრძელა – ასე აიღო ცხრა კლასის ატესტატი.

„16 წლის ასაკში თითოეულ ლუკმას მაყვედრიდნენ, ერთხელ სიცხე მქონდა და სიცხის დამწევიც არ უყიდიათ. მეუბნებოდნენ, რომ უკვე დიდი ვარ და უნდა ვიმუშაო“.

მადონამ მუშაობა ქართულ რესტორანში დაიწყო. ხელფასზე დედას 100-200 ლარს აძლევდა ხოლმე.

„ჩემი ძმა და ბიძები დედაჩემს ეუბნებოდნენ – ან „პიდარასტი“ შვილი აირჩიე, ან კაციო. დედაჩემიც ჩემსავით მძიმე მდგომარეობაში იყო. ძალიან იტანჯებოდა, რადგან არჩევნის წინაშე აყენებდნენ – ან მე, ან ყველა დანარჩენი. მე მართლა არ მინდოდა დედაჩემისთვის ტკივილის მიყენება. სამყაროში ორად-ორი ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად – დედაჩემი და ჩემი და“.

18 წლის ასაკში მადონა სამსახურის გარეშე დარჩა. რესტორანი გაიყიდა. მალე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში დაიწყო მუშაობა. მძიმე ფიზიკურმა შრომამ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა. ამბობს, 15 დღე ვიმუშავე და ანაზღაურება მაინც არ გადამიხადესო. თვე-ნახევარი წოლით რეჟიმში გაატარა. გამაყუჩებელს ითხოვდა, თუმცა ოჯახის წევრები არ ეხმარებოდნენ. „ჩემი ძმა მეუბნებოდა, შენნაირ შიდსიან პიდარასტს წამალი რატომ უნდა მოვუტანოო“.

გაუსაძლისმა მდგომარეობამ იძულებული გახადა, პატრული გამოეძახებინა. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარში, რომლის მდებარეობაც მკაცრად გასაიდუმლოებულია, ერთი თვე იცხოვრა.

„იქ კარგად მექცეოდნენ, ქალებმა ბევრი ტანსაცმელი მაჩუქეს. ის პერიოდი 17 მაისს დაემთხვა. ერთად აღვნიშნეთ. ლგბტ ფერებში პლაკატებიც გავაკეთეთ, შემდეგ ისინი ქალებმა ჩემი ოთახიდან გაიტანეს და დერეფანში დაკიდეს. მანამდე ჩემნაირი არ ენახათ. ბოლოს ყველა ჩემს ოთახში იკრიბებოდა და ღამეს ერთად ვათენებდით ხოლმე. იქ დარჩენა მხოლოდ ერთი თვით შემეძლო“.

თავშესაფრიდან ისევ მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსიც მიიღო და სახელმწიფომ ოპერაციის ხარჯებიც დაუფინანსა. ოპერაციიდან 10 დღეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.  მოგვიანებით კი იძულებული გახდა, სექსსამუშაოს დაბრუნებოდა. 19 წლის მადონა მე-6 თვეა, რაც თავს სექსმუშაკობით ირჩენს.

სურს, რომ ისწავლოს, მაგრამ შიშობს, უნივერსიტეტში ტრანსფობიურად განწყობილი ლექტორები და სტუდენტები დახვდებიან. განსაკუთრებით აინტერესებს ფსიქოლოგია, ამ დარგზე პატარა ბუკლეტის წაკითხვაც კი სიამოვნებას ანიჭებს. მკერდის ოპერაციის გაკეთებაც უნდა, თუმცა ბინის ქირისა და სხვა საჭიროებების გამო თანხას ვერ აგროვებს.

„როცა ცირკთან ვიდექი, თუ მანქანიანი კლიენტი შემხვდებოდა, ვთხოვდი ხოლმე, რომ ჩემს სახლთან გავეტარებინე. ღობიდან შემეძლო იქაურობის დანახვა. ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და იქედან ვერავინ გხედავს. ერთხელ ღობიდან დავინახე ჩემები, ეზოში ჰამაკში ისხდნენ. ჩემი დაც იყო ჩამოსული, მეზობლებიც იყვნენ და ლუდს სვამდნენ. მინდოდა შესვლა, მაგრამ ვერ შევედი. არ ვუნდივარ იქ არავის და რისთვის შევიდე? ჩემს ამბავს არავინ კითხულობს“.


თეგები :