• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

ბორჯომის მერია, ავტოფარეხში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიას, 2,073,814 ლარს უხდის - დოკუმენტი

ეკონომიკური კრიზისისა და ოკუპაციის ფონზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, რუსულ კომპანიას, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით, ავტოფარეხშია რეგისტრირებული, ჯამში 2,073,814 ლარს უხდის. 

2020 წლის 5 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით ცნობილი ხდება რომ სოფელ ჭიხარულასა და ბალანთის გავლით, ბეტონის მოწყობის სამუშაოების პირველ და მეორე ეტაპს ის ფირმა შეასრულებს, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შესაბამისად, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი რუსული კომპანიაა.

კერძოდ: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა, 2020 წლის 5 მაისს, სოფელ ჭიხარულასა და ბალანთის გავლით, ბეტონის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულების მიზნით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს პასაჟი-საქართველოს, რომლის ერთადერთი მფლობელი რუსული კომპანია პასაჟია. 

ხელშეკრულების მიხედვით, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება, 1,155,814 ლარია.

ამ ხელშეკრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამავე რუსულ კომპანიას დაუკვეთა ჭიხარულასა და ბალანთის გავლით ბეტონის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპიც, რომლის ღირებულება 918,000 ლარია (ეს ხელშეკრულება მზადების პროცესშია). 

ჯამში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ოკუპანტი ქვეყნის კომპანიას, ბეტონის მოწყობის სამუშაოების პირველ და მეორე ეტაპში, ბიუჯეტიდან 2,073,814 ლარს უხდის.

საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, უცხოური საწარმოს ფილიალი შპს პასაჟი-საქართველო 2017 წელს არის რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართია: თბილისი, საბურთალოს რაიონი, მ. ალექსიძის ქ., N1, კორპ. N1, ავტოფარეხი N5გ.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს პასაჟი-საქართველოს ერთი დამფუძნებელი ჰყავს: რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს რეგისტრირებული შპს პასაჟი.


თეგები :

ბორჯომი