• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, დღეს ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პირები არიან - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადამზიდავი კომპანების ხელმძღვანელებს მიმართა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისული მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დღეს ნათელი ხდება, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, ყველაზე მაღალი რისკის შემცველები არიან.

„მინდა, პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გაარძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალქეებისთვის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას გონიერებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს არც ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მყოფი მგზავრი ჯერ არ დაფიქსირებულა.

„დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გონიერებისა და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს არც ერთი შემთხვევა პირბადის გარეშე ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის მუნიციპალურ ტრანსპორტში“, - განაცხადა გახარიამ.


თეგები :