• თბილისი
  • 32°C
  • 02 ივლისი, 2020
article

"პირველად ვწერ საჯაროდ ამ საქმეზე" - ერთი წლის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის დის ემოციური სტატუსი

ლა­გო­დეხ­ში, გურგენიანის ჩანჩქერზე, ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ ერთი წლის შემ­დე­გაც არ არის გახსნილი. მოზარდის ოჯა­ხი მი­იჩ­ნევს, რომ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლი იყო და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯონ, თუმ­ცა 1 წლის მერეც გამოძების დასრულებას ელოდებიან.

გარ­დაც­ვლი­ლის და, ბლო­გე­რი სა­ლო­მე ბარ­კე­რი სოციალურ ქსელში პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თთვი­ან ვა­დას აძლევს:

მოდი, დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად გაინტერესებთ ან გადარდებთ ეს საკითხი - არცერთხელ იმაზე მეტი არავის გიკითხავთ ჩემთვის, ვიდრე მე მინდოდა მომეყოლა. მადლობა ამისთვის. ბევრს ნიშნავს.

ახლა საქმე: დღეს 2020 წლის 4 ივნისია, უმრავლესობა თქვენგანმა იცით და ალბათ არ არსებობს ადამიანი ვინც არ იცის ან არ ეწყინა (ნუ, არსებობენ, მაგრამ ადამიანები არ არიან) ეს ამბავი, კერძოდ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი ე.წ. უბედური შემთხვევა გურგენიანის ჩანჩქერზე, ლაგოდეხში, რომელმაც იმსხვერპლა ჩემი 16 წლის უსაყვარლესი და სოფი, მზეც, მთვარეც და ყველა ვარსკვლავი რომ ამომდიოდა მასზე და ყველა ციური სხეული რომ ჩაიყოლა იმ ჩანჩქერში იმ დღეს. აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეს ერთი წელიც, რომელიც ვიღაცისთვის თვალის ერთ დახამხამებაში და ვიღაცისთვის ერთი თვალის ხამხამში გავიდა, არ მგონია დიდად უცნობი იყოს თქვენთვის რითი ვიყავი დაკავებული - ძირითადად ჩემი ყურადღების ქვეყნის ბედზე დარდში გადატანით და შიგადაშიგ გლოვით, აქაიქ გაქცევით და გამოქცევით. თუმცა, სარბენი კიდევ ბევრია.

და გაინტერესებთ რაში გავიდა ეს ერთი წელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც მომხდარს იძიებს?

30-მდე მოწმე დაკითხა და ხუთამდე “საბუთი” გამოითხოვა განათლების სამინისტროდან.

30-მდე მოწმიდან 17 სოფის კლასელია, იმ დღესვე და მომდევნო დღეებში დაიკითხნენ მასწავლებლებთან ერთად. დანარჩენი მოწმეები (რეინჯერი, ნაკრძალის დირექტორი, ადგილზე მყოფი ოთხი ტურისტი, მე და დედაჩემი) ასევე მალევე, ზაფხულში. ექსპერტიზაც, ყველა საჭირო და სტანდარტული პროცედურაც ზაფხულში დასრულდა.

ზაფხულის მერე გავიდა - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა თვე და ამდენი თვის განმავლობაში საქმის გამომძიებელი გვპასუხობს, რომ (აბა გამოიცანით) “მიმდინარეობს გამოძიება” და საქმის პროკურორი გვპასუხობს, რომ (და აქ ვერსიები მეტნაკლებად მრავალფეროვანია):

1) აი, აი, ამ წამს ზემდგომი მოხსნეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

2) აი, აი, გუშინ ახალი ზემდგომი დანიშნეს და გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს.

3) აი, აი, ხვალ რაღაცას შეათანხმებს.

4) აი, ეხლა შვებულებაშია პროკურორი.

5) ეხლა ტრენინგზეა.

6) ისევ მოიხსნა ზემდგომი, ხო იცით არა როგორც არის.

7) ეხლა პანდემია და..

8) ისევ შესათანხმებელია რაღაცა.

9) აი ერთი თვეც და...

ეს ბოლო “დათქმა” გუშინ ვათქმევინეთ, მას შემდეგ, რაც ტელეფონში დაჟინებით ჩავაბჟირდით და მოგვახსენა, რომ აი ეს ერთი თვეც, და მისი პირადი აზრით, წესით, მისი პირადი სუბიექტური აზრით, არ უნდა იყოს პრობლემა, რომ საქმე ან დახუროს, ან ბრალი წაუყენოს მას, ვისი ბრალეულობაც, მისი პირადი აზრით, გამოიკვეთება.

ამ საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, სოფის სკოლა, მისი ყოვლად ამაზრზენი პოზიციის გამო იმწამის გარდაცვლილ ბავშვთან (მაგალითად მხოლოდ დირექტორის ტყუილი რად ღირს: 27 მაისი, 12:00 საათიანი კურიერი: “ეგ ბავშვი ქვაზე შეხტა და წყალში ჩავარდა!”) აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად. ეს ცალკე თავია. ახლა ამაზე არ ვწერ.

ერთი წელია მშვიდად გელოდებით და მიუხედავად ამ დროში ჩემდამი მოპყრობილი ყურადღებისა, არცერთხელ არსად მიხსენებია სოფის ამბავი არც პირდაპირ, არც ირიბად, არც არანაირად. პირველად ვწერ საჯაროდ ამ საქმეზე რამეს, ერთი წელია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ველოდები აბა რას ფიქრობთ, რა დასკვნა ვერ გამოიტანეთ ამდენი ხანი და ჩამომკიდეთ გულზე ეს უდიდესი გადაუწყვეტელი ლოდი? რას შვრებით? რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ? ან მითხარით, რომ სსკ 116-ე მუხლი, “სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით” ვერ ამოიკითხეთ ვერსად მომხდარში, ან მითხარით, რომ ამოიკითხეთ და იწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia როგორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ.

3 ივლისამდე.


თეგები :