• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

ღალატობდა თუ არა ერეკლე მეფეს ცოლი? - მე-19 საუკუნის საქართველოს ჭორების ქრონიკებიდან

ერეკლე II-მ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში სამჯერ იქორწინა. მესამედ და უკანასკნელად - დარეჯან (დარია) დადიანზე, რომლისგანაც 19 შვილი შეეძინა.

„იძახიან: რაც დარეჯან დედოფლის ნება იყო, სულ იმის ნების მიმყოლი იყო მეფე ირაკლიო და ამილახვარ ოსეფა ყორღანაშვილიც ჰყვარობდაო“, - ალექსანდრე ორბელიანის ჩანაწერებში, რომელიც 1851 წლითაა დათარიღებული, 23 გვერდი ეთმობა დერაჯან დედოფლის, მისი ამილახვრის ოსეფა ყორღანაშვილისა და ერეკლე II-ის ურთიერთობის გარჩევას ანუ იმის გარკვევას, ღალატობდა თუ არა ცოლი ერეკლე II-ს.

ჭორიკანა კაცები

ალექსანდრე ორბელიანს, როგორც ირკვევა, კალამი მას შემდეგ აუღია ხელში, რაც ყურადღებით გადაუკითხავს „რუსულათ დაბეჭდილი წიგნი მოგზაურობა მურავიოვისა საქართველოში“, სადაც დედოფალი დარეჯანი და „მეფის ირაკლის სასახლე სრულად გარყვნილად“ იყვნენ გამოყვანილი.

ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი ერეკლეს შვილიშვილია, მეფის სასახლის ამბები კი დედისგან, თეკლე ბატონიშვილისგან იცის და ამიტომაც აღშფოთებულია წაკითხულით.

„იმათ სახლში იყო წმინდა ზნეობა და პატიოსნებითი ქცევა მოწიწების კრძალულებით. სხუას ნურაფერს ნურას ვიტყვი, ეს მაინც მინახავს, რომ მეფის ირაკლის ქალები, დარეჯან დედოფლისგან დიდის ყურადღებით გაზრდილები: ქეთევან, ეკატერინე, ანასტასია და დედაჩემი, ასეთი ღვთიური და პატიოსნები იყვნენ“, - ამბობს ალექსანდრე ორბელიანი და იქვე შენიშნავს, რომ დედოფალ დარეჯანზე ნათქვამი აუგი ბოლომდე მურავიოვის ბრალი არ არის, რადგან „ღენერალ ოტ-ინფატერს თავად გიორგის იასეს ძეს ქსნის ერისთოვს და იმის მეგობარს რუსეთის ჩინოვნიკს პლატონ იოსელიანს უანბია და მურავიოვსაც დაუწერია, ასე ჰგონებია: ეს რუსეთის დიდი ჩინოვნიკები ტყუილს არას მეტყვიანო“.

ალექსანდრე ორბელიანის თქმით, მურავიოვს რომ კარგად გამოეკითხა, გაიგებდა როგორი დასჯილი იყო ერეკლეს დროს გიორგი ერისთოვის გვარი ღალატისთვის და როგორ ჰქონდათ ჩამორთმეული მამული და ყმები, როგორ ძლვის შოულობდნენ საცხოვრებელსო და ა.შ. მოკლედ, გულუბრყვილოდ სჯერა, ყოველივე ეს რომ სცოდნოდა, მურავიოვი სხვას დაწერდაო.

ნათლული და საყვარელი?

ოსეფა (იოსებ) ყორღანაშვილი - დედოფლის სახლთუხუცესი, ნათლული და შეძლებული მოქალაქე - დიდად დაფასებული იყო მეფის კარზე. სარგებელი მოჰქონდა როგორც მეფის სახლისათვის, ისე სამეფოსთვის, თუმცა, როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, ბოლო დროს ისიც მოღალატე გახადეს.

ოსეფა ვალში იყო მეფესთან, რადგან, როცა უფროსი ძმისგან, სტეფანესგან მოძულებულ-დაჩაგრული ლეკებში გაიქცა, სწორედ ერეკლემ დააბრუნა უკან:

„ცოლი იქაური შეირთო და სარწმუნეობის შეცვლასაც თხოვდნენ. ეს რომ შეიტყო ირაკლიმ, ძალიან გაბრაზდა და უკან დააბრუნა ოსეფა. ერთნი ამბობდნენ გათათრდაო, მეორენი ამბობდნენ მიუსწრესო... ერეკლემ სომხის ტერტერა მოიყვანა და დარეჯან დედოფალს მოანათლინა. ამილახვრობა უბოძა“.

ოსეფა ამილახვარმა ისე ივარგა, რომ მოკლე დროში „მეფის თავლა გამოჩენილის ცხენებით აავსო“, მეფის საქონელს და ცხვარს თვლა არ ჰქონდა, ვენახები და ხვნა-თესვაც გაამრავლა, სალაროც გაამდიდრა.

სწორედ ოსეფას ურჩევია ერეკლესათვის „აბრაშუმის გაკეთება“, რისთვისაც მდინარე ქციის გადაღმა-გადმოღმა მინდვრები თუთის ხეებით გაუვსია, ხრამზე კი ქოლაგირად წოდებული ციხე აუგია.

მეფეც არ რჩებოდა ვალში და სათანადო პატივს სცემდაო, - წერს ალექსანდრე ობელიანი და იქვე დასძენს, - და ამის გამო საქართველოს თავადებმა შური იძიესო:

„მეფის ირაკლის უსვინდისო მტრებმა ამის მეტი ვეღარა მოიფიქრეს რა, რომ ჩუმათ მითქმა-მოთქმა შექმნეს: დარეჯან დედოფალს ჰყვარობსო. აი, პირველათ საიდგან და რა მიზეზით დაიბადა ეს სიცრუე ჭორი დარეჯან დედოფალზედ“.

თუმცა, საქმე მხოლოდ ჭორების გავრცელებით არ დასრულებულა. ერთ დღეს საჩქარო საქმეზე ავლაბრისკენ მიმავალი ოსეფა ბატონის მოედანზე სარდალ დავით ორბელიანს გადაეყარა. ოსეფა ცხენზე იჯდა, სარდალი ქვეითად იყო. ოსეფა თავის დაკვრით მიესალმა. ვიღაცამ ორბელიანის გასაგონათ ჩაილაპარაკა, სარდლის წინაშე ცხენიდან გადმოხტომას არ კადრულობსო, რაზეც ორბელიანი გაცეცხლებულა:

„ეგ მამაძაღლი ცხენიდან გადიღევით, როგორ გაბედა ცხენიდან არ გადმამიხტა, დაჰკარით მაგასო“.

მერე თურმე ნანობდა დავით ორბელიანი, ამბობდა კიდეც, ეს რა ვქენი, რატომ ვცემე ესეთი ერგული კაცი, ასეთი დაუხედავი საქმე არ მომსვლია ჩემ დღეშიო.

„ერეკლეს ეწყინა, მაგრამ სარდალი ძალიან საჭირო კაცი იყო და მოუთმინა. ამის შემდგომ ოსეფა ყორანაშვილი დიდი დაფარული მტერი შეიქნა მეფის ირაკლისა, მთელი იმისი სახლობისა და დიდადაც უმტრო, როგორც იმათ ოჯახობას, ისე საქართველოს“, - წერს ალექსანდრე ორბელიანი.

ღალატის შეუძლებლობა - ოსეფას სიმყრალე

არა, რა სვინდისი უნდა ჰქონოდათ იმ ღვთის გარეგანებს, რომ ამისთანა ჭორებს უგონებდნენ დედოფალს დარეჯანსა? - კითხულობს ერეკლეს შვილიშვილი და ღალატის შეუძლებლობის დამატებით არგუმენტად ასახელებს ოსეფას პირის სიმყრალეს (halitosis):

„აბა გაიგონეთ, იმ ოსეფა ყორღანაშვილს ასე რიგათ უყარდა პირი, რომ ვინც იმის მოახლოვოდ იდგა ხოლმე, ძლივს ითმენდნენ იმ სუნს. მეფე ირაკლისთან ხომ ახლოს ჯდომა არ შეეძლო. შორს უნდა მჯდარიყო და ისე ელაპარაკა. როდესაც ის დარეჯან დედოფალმა მონათლა და რადგან იმის მოახლოვოდ უნდა მდგარიყო მონათვლის დროს, იმ ღამეს მთელი ღამე გული ერეორდა დედოფალსა იმის პირის სიმყრალითა და მეფე ირაკლი კი იცინოდა. თან ამბობდა დედოფალი: ვაი, იმ ქალის ბრალი, ვისაც ის ოსეფა ყორღანაშვილი ცოლათ შეირთამსო. ასეც იყო, მცირე ხანსა ვერ დეწვებოდა ცოლთან, მაშინვე სხუას ქვეშაგებში უნდა დაეძინა, რომ იმის პირის სიმყრალესა ცოლიც ვერ უძლებდა. ოსეფას პირველი ცოლი რომ მოუკვდა და მეორე შეირთო, თურმე ბევრი დასცინოდნენ: თავის პირის სიმყრალითა ის პირველი ცოლი კარგი დედაკაცი ხომ მოკლა და მეორესა მგონია ჩქარა გამოუყენებს იმას“.

ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, რომ მოესწრო ოსეფას მეორე ცოლს, ელისაბედს, რომელიც დედამისთან, თეკლესთან მოდიოდა ხოლმე:

„ოსეფა უკვე ცოცხალი აღარ იყო და ეს ელისაბედი არ მალავდა: ჩემი ქმრისთვის მე ჩემს დღეში პირზე არ მიკოცნინებია და არც ერთს ქვეშაგებში მე იმასთან დამიძინია, პირი მეტათ უყარდაო“.

სიყვარული, როგორც მთავარი არგუმენტი

დაერჯანს თავისი ქმრის დიდი სიყვარული ჰქონდაო, ამბობს ალექსანდრე ორბელიანი, „არავის ახსოვს მცირედი მეფის წინააღდმეგ გაებედოს, დიდი სიყვარული და თავაზი ჰქონდა ქმრისა და დარწმუნებულიც იყო, რომ მეფე ირაკლი დიდი გონიერი არისო“:

„მეფის სიმხიარულე დედოფლის ბედნიერება იყო და მცირედი შეწუხება მწარე ცრემლი, რომლებისა ქვეშაგები არ გაყრილა სიკვდილამდინ და მარადის ერთს ქვეშაგებში ეძინათ“.

ალექსანდრე ორბელიანის თქმით, ერეკლეს, როცა საქმე ჰქონდა, 24 საათიდან მხოლოდ 3 საათი ეძინა, მაგრამ თუ მეფეს საქმე არ ჰქონდა, „დედოფლის დარეჯანისა და თავის სიამოვნებისთვის იწვა იმასთან იქამდისინ, მინამ დედოფალი გაიღვიძებდა. არცა მომატებით იმას სცოდნია ძილი, ექვს საათზე მეტი არა, მეფეს ირაკლის ისე დაუჩვევია ის, რომლებიცა იმის გაღვიძებისთანავე ერთმანეთს ტკბილად გადაეხვეოდნენ და სიყვარულის ალერსში იყვნენ. იმათი მოშორებაც შეწუხებით იყო ხოლმე. ყოველმა ცოლ-ქმარმა ღმერთსა სთხოვონ და იმისთანა ბედნიერი სიყვარული ინატრონ ერთმანეთისა, როგორც მეფეს ირაკლის და დედოფალს დარეჯანსა ჰყუარებიათ ერთმანეთი“.

თურმე ერეკლე II ტანზედ „სპეტაკი თეთრი ყოფილა“, სახე და ხელები კი მოშავო ჰქონია, ინდოეთის სიცხისგან დამწვარი:

„მაშინდელი აქიმები ბევრსა ცდილან, მაგრამ ვერ გადუყვანიათ და ისე მოშაოთ დარჩენია. ბევრჯელ მეფე-დედოფალი მკერდებს მიაწყობდნენ ერთმანეთსა, რომლებსაცა ერთი სითეთრე და ერთი ფერი ჰქონიათ, ასე თურმე თამაშობდნენ ქვეშეგებში ყმაწვილურათ, ასე უზომოთა ჰყვარებიათ ერთმანეთი“.

გაწბილებული იმპერატორი?

ალექსანდრე ორბელიანი დარეჯან დედოფლის „პატიოსნების დასამტკიცებლად“ იხსენებს ერეკლეს ქვრივის შეხვედრას რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I - თან, პეტერბურგში. დედოფალს თან ახლდნენ სიძეები - ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ჩოლოყაშვილი და მეფის ოჯახის აქიმბაში ივანე ყარაევი.

„ხელმწიფე ალექსანდრე პირველი დიდი მოარშიყე იყო ქალებისა... მაშინ დედოფალი ან სამოცის წლისა იქნებოდა და ან ცოტა მეტ-ნაკლები, მაგრამ კიდევაც კი ასეთი თვალტანადობა ჰქონდა, ოცდაათის წლისა. ალექსანდრე ხელმწიფემ თურმე არშიყობა დაუწყო და ისეც შეუჩინა, მაგრამ ზედაც არ შახედა. იქამდისინ რომ ხელზედაც არ მიუშო საკოცნელად. დედოფალი იტყოდა: ჩემი ცხოვრება ჩემს ქმარს, მეფეს ირაკლისთან დიდის სიყვარულით გამიტარებია და ქვეყანაზედ წმინდათ ვყოფილვარ და ყოველი კაცი ჩემს ძმათ მგონებია და ეხლა იმის დიდი ხელმწიფობაზე უნდა შევცდე? მაშინ როდესაც, რომ ის დიდი ხელმწიფე ალექსანდრე მეფის ირაკლის კაცობასთან სულა არა მგონია რა ჭეშმარიტათაო... აქიბაში ივანე ბევრჯელ მეტყოდა: დედოფალი დარეჯან რომ დამორჩილებოდა ალექსანდრე ხელმწიფესა, უთუოთ საქართუელოს დაუბრუნდებოდაო. მე გავიცინებდი და ამით გათავდებოდა ეს ჩვენი ლაპარაკი“, - წერს ალექსანდრე ორბელიანი.

დედოფალი ვერ დაბრუნდა საქართველოში. გენერალი პავლე ციციანოვი, საქართველოს სამეფოს გამორჩეული მტერი, 1803 წლის 10 თებერვალს იმპერატორ ალექსანდრე I-ს სწერდა: „ქვრივი დედოფალი დარეჯანი, რომელიც აქ ყველა ამბების (შეთქმულებათა) მეთაურია, გადაჭრით უარს ამბობს წამოსვლაზე და მიზეზად თავისი ავადმყოფობა მოჰყავს“.

დედოფლმა მედგარი წინააღმდეგობა გასწია, თუმცა ბოლოს მაინც დატოვეს რუსეთში, სადაც აღესრულა კიდეც. დარეჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: „წელსა 1807, ნოემბრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელს ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, სანკთ-პეტერბურხსა შინა ნოემბრის 8, რომელიცა დამარხა იმპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნევსკის მონასტერსა შინა“.

Fake News-ი ერეკლეს დროში

ალექსანდრე ორბელიანი დარწმუნებულია, რომ დარეჯან დედოფალზე ჭორები შემთხვევით არ გავრცელებულა, ისევე როგორც შემთხთვევით არ აიტაცეს ცილისწამება რუსმა მოხელეებმა:

„აბა ახლა ამის შემდგომ რუსების წერილებს ანუ მათ მიწერ-მოწერასა და იმათ დამოკიდებულებათ კითხეთ, რამდენი ცილისწამებანი არის დედოფალს დარეჯანზე? ამისთვის რომ ეგება როგორმე თავიანთი დაჰფარონ. ისა, რაც უბედურება საქართუელოზედ მოავლინეს, რომ დედოფლის დარეჯანის ნაკლუვანებით ანუ იმის აუგისა ხსენებით თავიანთამდისინ აღარავის აღარა აფიქრებინონ რა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აპოლონ თაბუაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დედოფლის შესახებ ნეგატიური საუბარი, თუნდაც ვერსიები კრწანისთან მიმართებაში და ა.შ. - ერეკლეს სიცოცხლეში არ გამოკვეთილა. დარეჯანის ე.წ. ანტიპიარი იწყება მას შემდეგ, რაც გიორგი XII-ს და დედოფალს უჩნდებათ კონფლიქტი ტახტის დაუფლების საკითხზე:

„მერე ამ ვერსიებმა სხვადასხვა მიმართულება მიიღეს ქართველ თავად-აზნაურებში, ცალკე ამბავია რუსული ისტრიოგრაფია, რომელიც ცალსახად უარყოფითად აფასებს დარეჯან დედოფალს“.

აპოლონ თაბუაშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, დარეჯანისა და ოსეფა ყორღანაშვილის სასიყვარულო ურთიერთობა:

„დიდი თავადები ვერ უბედავდნენ ვერაფერს, აბსოლუტური მონარქიის ტენდენციებს ამჟღავნებდა, პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველი იყო ერეკლე... წარმოუდგენელია. მითუმეტეს, რომ ყორღანაშვილის წინ წამოწევა მოხდა XVIII საუკუნის 90-იან წლებში. ამ დროს დარეჯანი, როგორც იტყვიან, აღარ იყო პატარა გოგო და აღარც შვილებს აჩენდა. ამ დროს დაახლოებით 60 წლის იყო...“

სარგის კაკაბაძის ცნობილ ნაშრომში „კრწანისის ბრძოლა“, გენერალ სტეფანე ქიშმიშევის მოგონებებზე დაყრდნობით, აღდგენილია 8 სექტემბერს, კრწანისის ბრძოლის წინ გამართული თათბირის სურათი.

„ამ თათბირზე დარეჯან დედოფალს ანტირუსული განწყობილება გამოუმჟღავნებია და 1783 წ. რუსეთთან დადებული მფარველობითი ტრაქტატიც დაუგმია. ჩანს, ამ დროისათვის დარეჯანსა და მის შვილებს შორის უკვე ფეხს იკიდებდა ანტირუსული და, შესაბამისად, პროირანული ორიენტაცია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როცა თბილისიდან წასვლისას სპარსელებმა გადაწვეს და დაანგრიეს მეფისა და წარჩინებულთა სასახლე-საცხოვრებლები და ავლაბარიც გადაბუგეს, დარეჯან დედოფლის აშენებულ სასახლეს და მის ეკლესიას ხელი არ ახლეს. აღა-მაჰმად-ხანის მიერ ეს იყო, ალბათ, ერთგვარი ლოიალობის გამოხატულება დარეჯანის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკური განწყობილების ჯილდოდ. სპარსელებმა ხელუხლებლად დატოვეს, აგრეთვე, მეფის სასახლე თავისი ეკლესიით, ალბათ, ეს სასახლე დარეჯანის ერთ-ერთ შვილს თავის საცხოვრებლად ჰქონდა“ (სარგის კაკაბაძე „კრწანისის ომი“).

რუსული ფორმულა

დარეჯანის ანტირუსული განწყობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1799 წელს, ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა გიორგი XII-ის შვილი დავითი და არა დარეჯანის შვილები, თუმცა, როგორც აპოლონ თაბუაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი ვიწროპოლიტიკური საკითხია, მთავარი კი ისაა, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო და ამ ფაქტს სჭირდებოდა გარკვეული ლეგიტიმაცია.

„არგუმენტები, რომლებიც მოიგონა რუსეთმა ისეთი მყარია, რომ დღესაც მუშაობს: იმდენად სუსტი იყო საქართველოს სამეფო და იმდენად ცუდად იყო სამეფო კარზე საქმეები, რომ რუსეთის სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა საქართველოს სამეფოს გაუქმებისა. ეს პირდაპირ მანიფესტში ჩაწერა ალექსანდრე პირველმა: არა ძალების შემატებისათვის, არა ანგარებისთვის, არამედ ქართველ ხალხზე ზრუნვა მაიძულებს გავაუქმო სახელმწიფოო. მანიფესტში ჩაწერილი ამ ფორმულის გმართლებაზე - რომ ქართველი ხალხიც დაერწმუნებინათ და უცხოელებიც - დიდი დრო დაიხარჯა. სამეფოს გაუქმების წინ ალექსანდრე პირველმა, რომელიც კარგი მსახიობი იყო, თვალთმაქცურად თქვა, რომ არ მინდა სამეფოს გაუქმებაო და საკითხის შესასწავლად თბილისში გამოგზავნა კნორინგი - კავკასიის ხაზის გენერალი, რომელსაც უნდა შეეფასებინა, საქართველოს სამეფო შეძლებდა არსებობას თუ -ვერა, რუსეთთან შეერთების გარეშე. ამ კომისიამ 1801 წლის გაზაფხულხე დადო დასკვნა, რომ ვერა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა - ეს დარეჯანიო, ეს დავითი და სხვა ბატონიშვილებიო, ეს თავად-აზნაურობაც იმდენად უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომ ქართველი ხალხი დაიღუპება თუ ეყოლებათ ასეთი მმართველებიო ანუ როგორი დასკვნაც აწყობდათ, ისეთი გაიგზავნა პეტერბურგში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აპოლონ თაბუაშვილმა, რომლის თქმითაც, ასევე რუსეთის „ფორმულის“ ნაწილი იყო კრწანისის ბრძოლის გადაჭარბებული მნიშვნელობა:

„კრწანისის ბრძოლისნაირი ბრძოლები წაგვიგია ათობით და მეტიც, მაგრამ ისე წარმოჩინდა, თითქოს, ამ ომის წაგებამ დააქცია ქვეყანა; თითიქოს დარეჯანისა და ბატონიშვილების გადაკიდებით ქვეყანას ბოლო მოეღო; თითქოს ეკონომიკურად განადგურდა და პოლიტიკურად მოისპო ქვეყანა... ეს არის ის ნარატივი, რასაც 200 წელია გვიმეორებენ და ჩაგვიდეს კიდეც თავში, რომ ვიღუპებოდით, მაგრამ გადაგვარჩინა რუსეთმა“.

არადა, აპოლონ თაბუაშვილის თქმით, საქართველო მართალია პატარა და სუსტი ქვეყანა იყო, მაგრამ მაინც ვითარდებოდა, მაინც თავისუფალი იყო (წინა სამი საუკუნისგან განსხვავებით), მაინც შემოდიოდა ბურჟუაზიული ელემენტი (მანუფაქტურები) და მაინც ჰყავდა რეგულარური არმიის მსგავსი ნაწილები.

„წარუმატებლობებიც იყო, მაგრამ ის ნარატივი, რომ ჩვენ ამოვწურეთ შესაძლებლობები, არის აშკარად ტყუილი, რასაც ადასტურებს ის, რომ XIX საუკუნის პირველ მესამედში საქართველომ იმდენი აჯანყება მოუწყო რუსეთის იმპერიას, მთელი იმპერიის დაპყრობილ ხალხებს ერთად რომ არ მოუწყვიათ მთელი საუკუნის განმავლობაში. თუ ასეთი სუსტები ვიყავით, როგორ შევძელით?“ - ამბობს აპოლონ თაბუაშვილი, რომლის თქმით, რუსეთის ქცევის გასამართლებლად რუსი ისტორიკოსები და სახელმწიფო მოხელეები თავიანთ ანგარიშებში ერთი ათად აზვიადებდნენ შიდადაპირისპირების ხარისხს, რათა ეჩვენებინათ, რომ ქვეყანა იღუპებოდა. ამავე ფორმულის ნაწილი იყო ცილისწამება დარეჯანზე, რომელიც არ მოსწონდათ და რომლის მაგალითზეც სურდათ ეჩვენებინათ, როგორი ძირგამომპალი და გახრწნილი იყო ქართული სახელმწიფო.

მასალა მომზადებულია რადიო "თავისუფლების" მიერ


თეგები :