• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

"გიორგი ბრეგვაძე აპირებს იმ ფოტოაპარატის განადგურებას, რომლითაც სურათებს იღებდა მცხეთაში მომხდარი ძალადობის დროს" - რა წერია გამომძიებლის პატაკში?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მასალები, მათ შორის, ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათებია აღბეჭდილი.

შაქარაშვილის ათტომიანი საქმიდან ცნობილი ხდება, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მისი ტელეფონი, თუმცა სავარაუდოდ, სამართლადამცავებს 21 ივნისის ჩხრეკისას ფოტოაპარატი, რომლითაც ბრეგვაძე წვეულებაზე იმყოფებოდა, არ ამოუღიათ. 

საქმის მე-4 ტომში დევს პატაკი, სადაც მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ფოტოაპარატის ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

მცხეთის სამმართველოს გამომძიებლის პატაკი:

"მოგახსენებთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ... იაკობ დავითის ძე ბრეგვაძე პირადად ინახავს "SONY"-ის ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს ქალაქ მცხეთა, ნარაკვევის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას. მოგახსენებთ, რა ზემოთ აღნიშნულს გთხოვთ თქვენს შემდგომ რეაგირებას,"-წერია ჩვენებაში.

დღეს გავრცელებული ინფორმაციითვე, ავტობანის ეპიზოდის დროს გიორგი ქავთარაძე ისე დაშავდა, მისი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. 

"ახალგაზრდა მამაკაცმა მომართა კლინიკას სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით. მან დააფიქსირა, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ტრავმა, კერძოდ, გადმოვარდა ველოსიპედიდან. სახეზე აღენიშნებოდა ჭრილობები და ჰქონდა ტემპერატურა. ტვინის შერყევა დაფიქსირდა, მსუბუქი ტრავმა თავის ტვინის, 3 დღეში გაწერილ იქნა პაციენტი ჩვენგან," -აცხადებს ჰოსპიტალის ექიმი მედიასთან

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


თეგები :