• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

თუ ასეთი ეპიდსიტუაცია გაგრძელდება, სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება - ამირან გამყრელიძე

თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხოდმაზე და დარწმუნებული ვარ, სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს.

„რაც პანდემია დაიწყო, ორშაბათს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იწყება, ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომებია იქ მიღებული და მინიმუმამდე არის დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის“,- განაცხადა გამრელიძემ.

მისი თქმით, მთავარია საზოგადოებამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. კერძოდ, მთავარი რეკომენდაციაა პირბადის ტარება, დისტანცირება, ხშირი ხელების დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებს თავი უნდა დავანებოთ. მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია,"- განაცხადა გამყრელიძემ.