• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში როტაციით მყოფ 28 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყება ამბობს,რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამაკმაყოფილებელია - "რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს“. სამხედროები სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით საქართველოში უკვე ჩამოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ინფიცირების წყარო ადგილობრივ, ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა.ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე განმარტავს, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულებია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე.


თეგები :