• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

შეხვდა თუ არა გახარია მირიან ნიკოლაძესა და მოკლული შაქარაშვილის ოჯახის წევრს?

გიორგი შაქარაშვილის ნათესავის ინფორმაციით, გუშინ, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე და 19 წლის მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრი პრემიერ გახარიას შეხვდნენ. თუმცა, ამ ინფორმაციას, მირიან ნიკოლაძე კატეგორიულად არ ადასტურებს

ამ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

ნათესავის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორი, სავარაუდოდ, პალიკო კუბლაშვილი იყო. კუბლაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"გახარია, ტელევიზიის გარდა, თვალით არ მყავს ნანახი", - ამბობს მირიან ნიკოლაძე და ისიც, კუბლაშვილის მსგავსად, გავრცელებულ ინფორმაციას კეტეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ რომ 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ, დიდი ალბათობით, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. 

ამ ვერსიას ექსპერტიზის დღევანდელი დასკვნაც ამყარებს. 

„გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში" - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, იქამდე, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდებოდა, გამოძიება შემთხვევითი გარდაცვალების ვერსიას ამუშავებდა და სავარაუდოდ, ამ ვერსიითვე დაასრულებდა საქმეს - რომ არა კრიტიკული მედიის, გამომძიებელი ჟურნალისტებისა და საზოგადოების აქტიურობა.