• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ზუგდიდში 24 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა - "თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა - ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია"

შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. გამოცემა "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 24 წლის გოგომ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარით, თვითმკვლელობა სცადა.

როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, საკუთარი სახლიდან 24 წლის გოგო გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო სამაშველო სამსახური და პოლიცია.ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა - ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია.

 "პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს," - ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი. რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ცნობით, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :