• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

კრიზისიდან გამოსვლის გარანტი - „ლელოს მოდელი“ და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები ეკონომიკის სფეროში

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ის და მისი  მეგობრები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს - კრიზისიდან გამოიყვანენ  საქართველოს და შექმნიან ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.

„30 წლის წინ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა ნანატრი თავისუფლება. მე სხვებთან ერთად პატივი მერგო და ხელი მოვაწერე  დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

დღეს  30 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ გვიწევს  საუბარი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე.       სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა ისევ ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია და ადამიანებს ძალიან უჭირთ, უჭირთ ისე, როგოც არასდროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება და დარწმუნებით ვამბობ, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, დავიწყებ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას.  

ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მომიწია საქმიანობა, ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ახალგაზრდებს ვუკითხავდი  ლექციებს ფსიქოლოგიაში.  ვიყავი დემოკრატიულად არჩეული პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. 

ამის შემდეგ წამოვიწყე  რამდენიმე  წარმატებული საქმე.  დავაფუძნეთ საერთაშორისო კომპანიები, რითაც ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი წარმატებული სისტემის შექმნის პროცესში  ადამიანის როლიც და მისი მნიშვნელობაც, რადგან 30 წლის განმავლობაში შექმნილი გვაქვს ათასობით სამუშაო ადგილი.

თუმცა, დღეს არ ვისაუბრებ წარსულზე.  დადგა დრო,  ერთად ვიფიქროთ მომავალზე და მხოლოდ მომავალზე: დღეს აქ, საქართველოს  სულიერ დედაქალაქში უნდა გადავწყვიტოთ ახალი დღე საქართველოსთვის, დავსახოთ სწორი მიზნები ქვეყნისთვის, ერთმანეთისთვის და ვიმოძრაოთ საერთო ევროპული სახლისაკენ.

ჩემი მიზანია, ხელი შევუწყოთ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ურთიერთდაპირისპირების, შუღლის და აგრესიის დასრულებას. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტოტალური არაკომპეტენტურობა,  ნეპოტიზმი და კორუფცია.

მჯერა, ჩვენ ერთად გადავტეხავთ კრიზისს ქვეყანაში.  ჩვენ ვისაც გვაერთიანებს და გვაახლოებს ევროპული ღირებულებები, ვისაც შეგვიძლია უწყვეტი სწრაფვა განვითარებისკენ,  განახლებისკენ და ახლის შექმნისკენ. 

„ლელო“ თქვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ააშენებს ახალ საქართველოს: სადაც დაუშვებელი იქნება სიყალბე, დაცული იქნება ადამიანის ღირსება, დამკვიდრდება ქცევის მაღალი კულტურა და  ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

რაც მთავარია, მე და ჩემი მეგობრები გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გეგმავენ და ავითარებენ ეკონომიკებს - ჩვენ კრიზისიდან გამოვიყვანთ საქართველოს და შევქმნით ძლიერ, ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყანას.  

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, გაცნობიერებული მაქვს, რომ გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ თავისუფლებისკენ სწრაფვის, თავდადებული შრომისა და გულწრფელი პარტნიორობის ხარჯზე.

დღეს 12 აგვისტოა. თითქმის 9 საუკუნის წინ საქართველომ თავისი გმირული ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. 9 საუკუნის წინ ჩვენმა ქვეყანამ ევროპული არჩევანი გააკეთა. დღესაც ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. 31 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი საბოლოოდ უნდა გავამყაროთ და ნათლად დავანახოთ ყველას - მათ შორის ჩვენს მეგობრებს და მტრებს, რომ აქ, ამ ქვეყანაში, თავისუფლების მოყვარული, შრომისმოყვარე და ამაყი ევროპელი ხალხი ცხოვრობს.            

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცახადა ბადრი ჯაფარიძემ


თეგები :