• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

"სანამ ეპიდემია თბილისში აღმავალია, ჯობს, უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს"

სანამ ეპიდემია თბილისში აღმავალია, ჯობს, უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში წერს.

"შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა 19 ოქტომბერს.

რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას შეიძლება ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება მოჰყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაციაა. როგორც არ უნდა ვცადოთ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელთათვისაც საფრთხე შეიძლება გახდეს ნებისმიერ ჩვენგანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა". - წერს ზედანია.


თეგები :