• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

ვინ არის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზუგდიდში ბანკის მძარცველს სახურავიდან გაექცა?

გუშინ, ზუგდიდში მომხდარი ბანკის ძარცვის დროს, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოდის დაყაჩაღებული ბანკის სახურავიდან ახალგაზრდა გოგონა.

როგორც ირკვევა, გოგონა ზუგდიდის მკვიდრი, 25 წლის ნანო დარასელიაა. ის მსახიობ მარინა დარასელიას (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარას) ძმისშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანო საქართველოს ბანკში ფულის ასაღებად იყო მისული და მეგობრის სანახავად მეორე სართულზე ავიდა. სწორედ ამ დროს ბანკში კბილებამდე შეიარაღებული თავდამსხმელი შევარდა, გაისროლა, იყვირა - დაწექითო და ატყდა კივილი.

"გასროლის ხმა გავიგონეთ. ატყდა კივილი და ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ გვაყაჩაღებდნენ. გაისმა ბრძანებაც, ყველამ ჩაიმუხლეთო! შუშიან ოთახს შევაფარეთ თავი, ათნი ვიყავით. მაგრამ მივხვდით, რომ იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. რომ აეფეთქებინა, აუცილებლად დავზიანდებოდით. ქვემოდან პოლიციელებმაც დაგვირეკეს, ქუჩიდან ჩანხართ, სხვაგან შეაფარეთ თავიო. ავედით მესამე სართულზე. იქ იყო რკინის ჩიპიანი კარი. ბანკის თანამშრომელს ამ კარის გასაღები ჰქონდა და კარი გააღო. კარის მიღმა თანამშრომლები დაგვხვდნენ. ჩავიკეტეთ კარი. თავდამსხმელმა ერთი მძევალი, ზემოთ, მენეჯერის საძებნელად გამოუშვა და ისიც ჩვენთან დარჩა, აღარ ჩავიდა ქვევით. მივხვდით, რომ ყუმბარა რომ აეფეთქებინა, ყველანი დავიხოცებოდით, ამიტომ უნდა გაგვერისკა და სახანძრო კიბით ავსულიყავით სახურავზე. იყო პრობლემა - არ ვიცოდით, კიბე მყარი იყო თუ არა. პირველად ბანკის თანამშრომელმა გოგონამ გარისკა. მე დაახლოებით მესამე ვიყავი. სიმაღლის ფობია მაქვს, მაგრამ იქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა. ეს შიში როგორღაც დავძლიე და ჩამოვედი. კიბეც არ იყო მყარი, ყანყალებდა. ქვემოთ პოლიციელი დაგვხვდნენ და გადაგვიყვანეს იქვე მედებარე საშაურმეში. ცოტა ხანში კი პოლიციამ იქაურობა ათივეს დაგვატოვებინა. და აი, მაშინ იმოქმედა ამ სტრესულმა გარემომ და იქვე ჩავიკეცე. ახლაც რომ გესაუბრებით, ვღელავ ეს კადრები, კიბით რომ ჩამოვდივარ, დათა აქუბარდიას გადაღებულია. ის იქვე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, მან გადაიღო და მერე ვიდეო მომაწოდა," - განუცხადა ნანო დარასელიამ გამოცემა "პრაიმტაიმს."

გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკში შეიარაღებულმა თავმდამსხმელმა, 500 ათასი დოლარის მოთხოვნით მძევლად აიყვანა 19 ადამიანი. რამდენიმე საათის შემდეგ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, ბოლო სამი მძევალი კირცხის ტყის ტერიტორიაზე დატოვა. თავად თავდამსხმელის დევნის ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.


თეგები :