• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

დიდი დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - გააგდებს თუ არა, კობახიძე-კალაძის კლანი გახარიას და რა ელოდება გომელაურს?

ივანიშვილის მეორედ გაქცევამ, ზედაპირზე ამოატივტივა დაპირისპირების დეტალები ქართულ ოცნებაში. 

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დასახელდა, ხოლო კულუარებში პრემიერობისთვის ბრძოლა დაიწყო კახი კალაძემ, პრემიერ გახარიას პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა. 

კერძოდ: კობახიძე-კალაძის კლანის მიზანი, უახლოეს მომავალში ხელისუფლების სრული კონტროლია, რომელიც მათი გეგმის მიხედვით, გახარიას პრემიერობიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს. 

თავის მხრივ, გახარია პოზიციების შენარჩუნებასა და ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდთან სიტუაციის „დალაგებას“ იწყებს. ამ მიზნით, ის გუშინ და დღეს არაფორმალურ რეჟიმში შეხვდა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ნაწილს. 

გახარია ცდილობს პოლიტიკურ მოკავშირედ გაიხადოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც, რომელიც ამ დრომდე კობახიძე-კალაძის გუნდის წევრად განიხილება. 

კლანების ომი ქართულ ოცნებაში

დღეს ქართულ ოცნებაში რამდენიმე კლანია. მათგან ყველაზე გავლენიანია: კობახიძე-კალაძის, გახარია-საბანაძისა და ივანიშვილის კლანი, რომელშიც სუსის უფროსი ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური შედიან. 

ივანიშვილის მეორედ გაქცევამ, მათ შორის დაპირისპირება ახალ საფეხურზე აიყვანა. 

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას რომ კლანების უმრავლესობა გახარიას წინააღმდეგ შეიკვრა, რადგან მის გაშვებას პრემიერობის პოსტიდან, მხარს უჭერენ შს მინისტრი გომელაური და სუსის უფროსი ლილუაშვილიც, რაც იმაზე მიანიშნებს რომ „ასე სურს ბიძინას“. 

თავის მხრივ, გახარია, რომელსაც ივანიშვილის ნათესავი შმაგი კობახიძე ლობირებს, დაპირისპირებულია შს მინისტრ გომელაურთანაც. 

თუმცა, აქამდე, იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ივანიშვილის „თვალი და ყურია“, პრემიერი მას თანამდებობიდან ვერ ხსნიდა, მაგრამ საინტერესოა, რას გადაწყვეტს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი გახარია ხვალ-ზეგ?

ასე რომ, ახლა, ქართულ ოცნებაში, კლანებს შორის გავლენების ხელახალი გადანაწილების პროცესი და დაუნდობელი ომი მიმდინარეობს.

ახლა, ქართულ ოცნებაში, ყველაზე ნაკლებად ადარდებთ ხალხი, რომელიც რეჟიმმა უკიდურესად გააღარიბა და არაერთხელ მოატყუა.


თეგები :

კლანების ომი