• თბილისი
  • 4°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში (ახალი ფოტოები)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო სოლიდარობის ნიშნად პარიზის სხვა ტაძრებში ზარებს რეკენ. ვიდეომასალას მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას საგალობელს მღერიან და ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობენ.