• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელში აღვადგენთ და უფრო ლამაზიც იქნება"

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ბევრად ლამაზი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს 5 წელი დასჭირდება.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასდროს მთავრდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, მაგრამ ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ კიდეც. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტაძარს, გაცილებით ლამაზს, ეს უნდა მოხდეს 5 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება!" - თქვა მაკრონმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა.  ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები.  გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.

პარიზის პროკურორმა რემი ეიტზმა თქვამ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ. პროკურატურა მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევას განიხილავს.

დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.

ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ, ასევე 200 მილიონი ევრო გადარიცხა კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებლის ოჯახმა, 100 მილიონი გადარიცხა ფრანგულმა ნავთობის კომპანიამ „ტოტალმა“. 100 მილიონი გადარიცხა ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.

გარდა ამისა, თანხის გადარიცხვის სურვილი გამოთქვა კომპანია ეფლის დირექტორმა ტიმ კუკმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.


თეგები :

×