• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

FSB Yandex-ისგან მომხმარებლების პირად მონაცემებზე წვდომას მოითხოვს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კომპანია Yandex-ისგან მოითხოვა წვდომა იმ მომხმარებლებთან, რომლებიც „იანდექს ფოსტისა“ და „იანდექს დისკის“ სერვისებს იყენებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით RBK ავრცელებს.

გამომცემლობის ინფორმაციით, ეს ფაქტი რამდენიმე თვის წინ მოხდა და „იანდექსმა“ მოთხოვნა არ შეასრულა.

უსაფრთხოების სამსახურმა კომპანიიდან მოითხოვა ე.წ სესიის გასაღები, რომლის გადაცემითაც ექსპერტების თქმით, შესაძლებელია წვდომა არამხოლოდ მიმოწერაზე, არამედ ლოგინზე, პაროლსა და სხვა მონაცემებზე, აგრეთვე შესაძლებელია ტრეფიკის მონიტორინგი. 

აღსანიშნავია, რომ „იანდექსმა“ საერთოდ უარყო უწყების მიერ მოთხოვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. 

კომპანიის თანამშრომელმა კი RBK-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახური ცდება კანონის საზღვრებს. 

„სპეცსამსახური მოითხოვს კომპანიისგან იმ გასაღებს, რომელიც არამხოლოდ შეტყობინებებს, არამედ სრულ ინფორმაციას გასცემს მოხმამრებლებზე. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მთლიანი ტრეფიკის დეშიფრაცია მოხმარების პროცესში მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს უსაფრთხოების კუთხით“ , - აღნიშნავს ის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  FSB კომპანიისგან მონაცემებზე წვდომას ითხოვს, RBK-სთან დაადასტურა მეორე პირმაც, რომელსაც ინტერნეტ-ჰოლდინგთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„გასაღების მიღება და წვდომა მონაცემებზე FSB -სთვის გაცილებით მოსახერხებელი სქემაა, ვიდრე სასამართლოში სიარული და მოთხოვნა მიმოწერაზე წვდომაზე, როგორც ეს ადრე იყო“, - აღნიშნავს ლეონიდ ევდოკიმოვი.

„იანდექსის“ მიერ მონაცემების გაცემაზე უარის შემთხვევაში კომპანია შესაძლოა დაჯარიმდეს 1 მლნ. რუბლის სახით, ან საერთოდ დაიბლოკოს.

SimilarWeb-ის მონცემების მიხედვით,  2019 წლის აპრილში  „იანდექს ფოსტის“ მომხმარებლების რაოდენობა შეადგენდა 432 მლნ.-ს, ხოლო „იანდექს დისკის“ 27,32 მილიონს.


თეგები :