• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

აშშ დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობას ართულებს

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“ს) მიღების პირობები მკაცრდება, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ახალი ინიციატივის თანახმად, „მწვანე ბარათს“ ვერ მიიღებენ ის იმიგრანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია სამედიცინო, სასურსათო, საყოფაცხოვრებო და სოციალური დახმარების სხვა პროგრამებში ჩართულ მიგრანტებზე.

ამერიკული მედიის ცნობით, ცვლილებები შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.

ახალი საიმიგრაციო დადგენილების შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კენ კუჩინელიმ ისაუბრა.

ახალი ინიციატივა 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში, რომლის თანახმად, აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას ე.წ. თვითმყოფადი იმიგრანტები შეძლებენ, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები სახელმწიფო რესურსებზე.

„საჯარო ხარჯების შესახებ დადგენილებით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს თვითკმაყოფადობისა და პერსონალური პასუხისმგებლობის იდეალებს და უზრუნველყოფს იმას, რომ იმიგრანტებს შეეძლოთ საკუთარი თავის მხარდაჭერა, რათა გახდნენ წარმატებულები აქ, ამერიკაში“, – განაცხადა კენ კუჩინელიმ.

კუჩინელის თქმით, ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ-ში ლეგალურად იცხოვრებენ ის პირები, რომლებსაც „შეუძლიათ იდგნენ საკუთარ ორ ფეხზე და რომლებიც არ იქნებიან დამოკიდებულები სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე“.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში „მწვანე ბარათის“ აპლიკანტთა ნახევარზე მეტი უარყოფით პასუხს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მსოფლიოში 800 ათასამდე „მწვანე ბარათი“ გაიცა.


თეგები :