• თბილისი
  • 3°C
  • 20 იანვარი, 2020
article

ლონდონი ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამიტს მასპინძლობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან ლონდონში, სადაც 3-4 დეკემბერს გაიმართება სამიტი, ნატოს დაარსებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად.

საიუბილეო ღონისძიება გაიხსნება ბუკინგემის სასახლეში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიესალმება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II.

სამიტის წინარე პერიოდმა ალიანსის ლიდერებს შორის შიდა უთანხმობის ფონზე ჩაიარა.

პირველი უთანხმოების პლატფორმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებმა შექმნა.

გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Economist-თან საუბრისას, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის კოორდინაციის არარსებობის გამო, ნატო "ტვინის სიკვდილს" განიცდის.

მისივე თქმით, ევროპა ამჟამად დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მან უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორც გეოპოლიტიკურმა ძალამ, საკუთარი სტრატეგიული მომავლის შესახებ.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთი სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო.

მაკრონის განცხადებას ნატოს "ტვინის სიკვდილთან" დაკავშირებით გაემიჯნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ანგელა მერკელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს, ასეთი მკაცრი განცხადების გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მოგვიანებით, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს შენარჩუნება გერმანიის უმთავრესი ინტერესია.

"დღეს, გერმანიისთვის ნატოს შენარჩუნება უმთავრესი ინტერესია, უფრო მეტად ვიდრე ცივი ომის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსისთვის მუშაობას და ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ.

დღეს, ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ეს დამოკიდებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე", - თქვა მერკელმა ბუნდესტაგში დეპუტატების წინაშე.

ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშნველობაზე ისაუბრა იენს სტოლტენბერგმა.

"რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდის ფონზე, ნატო ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამავე დროს, სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.

ემანუელ მაკრონის გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი.

"მე არ ვიცი რას ნიშნავს საფრანგეთი ნატოსთვის, მაგრამ თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ნატოსთვის. ძვირფასო მაკრონ, უპირველესად უმჯობესია საკუთარი ტვინი შეაწმოთ, რადგან ასეთი განცხადებების კეთება ახასიათებთ მათ, ვისაც ტვინი მკვდარი აქვთ", - თქვა ერდოღანმა.

პარალელურად, შეერთებული შტატები ითხოვს ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ხარჯები 2%-ს გაუთანაბრდეს.


თეგები :