• თბილისი
  • 18°C
  • 01 აპრილი, 2020
article

"თუ ნობელის პრემიას მომანიჭებენ, მასზე უარს ვიტყვი"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნობელის პრემიას მიანიჭებენ, მასზე უარს იტყვის. მისი თქმით, ნობელის კომიტეტმა "თავი სრულად ამოწურა და პოლიტიკურად მოტივირებულ, იდეოლოგიურ ორგანიზაციად იქცა".

ერდოღანმა სასტიკად დაგმო ავსტრიელი მწერლის პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის მინიჭების ფაქტი, 1990-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში ომის მიმართ პოზიციის გამო.

"ნობელის კომიტეტმა თავის თავი ამოწურა. დღეს ის პოლიტიკურად მოტივირებული, იდეოლოგიური ორგანიზაციაა. ჩემთვის, მასში ღირებული არაფერი დარჩა. ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობენ მათთან, ვინც მხარს უჭერს ჩაგვრას. ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია", - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

შეკითხვაზე დათანხმდება თუ არა ნობელის პრემიის მიღებას იმ შემთხვევაში თუ კი მას მიანიჭებენ, თურქეთის ლიდერმა უარყოფითად უპასუხა. მან აღნიშნა, რომ წელს თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაში და თურქეთის მეგობრებს ამავე ქმედებისკენ მოუწოდა.

2019 წლის ნობელის პრემია ლიტერტურის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიცემა. ამავე დღეს ოსლოში გაიცემა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ჰანდკე 1996 წლიდან ყოველ წელს ჩადის სერბეთში, კოსოვოსა და მეტოქიაში და ადგილობრივებს ხვდება, მართავს ჰუმანიტარულ აქციებს. 2004 წლის მარტში ჰენდკემ ხელი მოაწერა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მხარდამჭერ მიმართვას. 2005 წელს კი ის ჰააგის ციხეში მოინახულა.

ექსპერტების შეფასებით, 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების არმიის ოპერაციის შედეგად, რომელსაც გენერალი რატკო მლადიჩი ხელმძღვანელობდა, 8 ათასი მუსულმანი მოკლეს, 30 ათასი ქალი და ბავშვი კი გაასახლეს. ქალაქში დატრიალებული სისასტიკე და მოსახლეობის მამრობით სქესის წარმომადგენელთა განადგურება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად იქცა.

საერთაშორისო ტრიბუნალმა და გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ეს მოვლენები გენოციდად შეაფასა.


თეგები :