• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს - ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ქასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, - აცხადებენ პენტაგონში.

გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ასევე ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

1-ელ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყში გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა.

სულეიმანის მკვლელობას გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც. მისი თქმით, გენერალ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ის აგრესიისადმი წინააღმდეგობას კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო „ირანი და რეგიონის თავისუფალი ქვეყნები მკვლელებზე შურს იძიებენ“.


თეგები :