• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ქვეყნების ბრძოლა სამედიცინო პირბადეებისათვის - გერმანია აშშ-ს "თანამედროვე მეკობრეობაში", ხოლო ესპანეთი თურქეთს ქურდობაში ადანაშაულებს

გერმანიის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატები "თანამედროვე მეკობრეობაში" დაადანაშაულა. საქმე ეხება 200 ათას სამედიცინო ნიღაბს, რომელიც გერმანიისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ბერლინის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ანდრეას გიზელის თქმით, ამერიკული წარმოების ნიღბების პარტია ბერლინის პოლიციისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მას ბანგკოკში კონფისკაცია გაუკეთეს და უკან, აშშ-ში გაგზავნეს.

ამერიკულ კორპორაციას, რომელიც ამ ნიღბებს აწარმოებს, სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაგზავნა აეკრძალა. მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვითი პროდუქციის წარმოების შესახებ კანონის მიხედვით, ის ამერიკული კომპანიებისგან სამედიცინო საქონლის მიწოდების გაზრდას ქვეყნის შიდა საჭიროებისათვის ითხოვს.

გუშინ კი, ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა, ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა ჩინეთში რესპირატორები შეიძინა. ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, რა დროსაც თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა ტვირთი არ გაატარეს და თავისთვის დაიტოვეს.


თეგები :