• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ აქტს ხელი მოაწერა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომლითაც დასრულებულად გამოცხადდა შტატებსა და ჰონგ კონგს შორის შეღავათიანი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან ჰონგ კონგს არავითარი საგანგებო პრივილეგია და შეღავათი ექნება. შეერთებული შტატები მასთან ისეთივე პირობებით იმოქმედებს, როგორც კონტინენტურ ჩინეთთან.

"არავითარი საგანგებო პრივილეგიები, არავითარი საგანგებო ეკონომიკური შეთანხმებები, არ მოხდება მგრძნობიარე ტექნოლოგიის ექსპორტი", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლითაც სანქციები დაწესდება ჩინეთის ოფიციალურ პირებზე ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვისა და ძირის გამოთხრისთვის.

მანამდე სანქციების დაწესების შესახებ აქტი კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო და დასამტკიცებლად ტრამპს წარუდგინა.

შეგახსენებთ, ჩინეთის სახალხო კონგრესმა დაამტკიცა "უსაფრთხოების კანონის შესახებ", რომლის მიხედვითაც პეკინი გეგმავს ჰონგ კონგზე გავლენების გაძლიერებას, რაც გამოიხატება ჰონგ კონგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩინეთის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების შეუფერხებელ საქმიანობაში.

გარდა ამისა, კანონით იკრძალება ჰონგ კონგის ტერიტორიაზე ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ორგანიზება და ჩატარება.

ახალი კანონი მიზნად ისახავს ჰონგ კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შემცველი მოქმედებების თავიდან აცილებას, ჩახშობას და დასჯას: "სეპარატიზმი, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვა, ტერორიზმი და საგარეო ჩარევა".

იგი ასევე მოიცავს ჰონგ კონგში პეკინის მიერ სპეციალური ორგანოების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქში ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესების დაცვას.

კანონი ითვალისწინებს სასჯელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის.

დასავლეთი და ჰონგ კონგელი პროდემოკრატები თვლიან, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის პრინციპს "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა".

ჰონგ კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის დამცველები აცხადებენ, რომ პეკინის ნაბიჯი ეწინააღმდეგება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპს, რომელიც ჰონგ კონგში მაცხოვრებლებს თავისუფლებას ჰპირდება, რაც ესოდენ სანატრელია ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

ერთი ქვეყანა - ორი სისტემა - გულისხმობს ადმინისტრაციულ მოწყობას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ყოფილ კოლონიურ ტერიტორიებს (ჰონგ კონგი, მაკაო და ტაივანი) უნდა ჰქონდეთ საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, დამოუკიდებელ იფინანსური სისტემა და ა.შ.

ჰონგ-კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფართო ავტონომიით სარგებლობს.

1997 წელს ჰონგ კონგში დასრულდა 156-წლიანი ბრიტანული კოლონიური მმართველობა და გაერთიანებულმა სამეფომ ჰონგ კონგი ჩინეთს გადასცა პირობით, რომ ის 2047 წლამდე შეინარჩუნებდა ფართო ავტონომიას და განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ მოწყობას.


თეგები :